Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.
2ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.
3ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.
4რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.
5ამიტომაც გვმართებს მორჩილება, არა მარტო სასჯელის შიშით, არამედ სინიდისითაც.
6სწორედ იმიტომ იხდით ხარკს, რომ ღვთის მსახურნი არიან ამ საქმეზე გადაგებულნი.
7ამრიგად, ყველას მიაგეთ მისი კუთვნილი: ვისაც ხარკი ეგება - ხარკი, ვისაც ბაჟი - ბაჟი, საშიშარს - შიში, პატივსაცემს - პატივისცემა.
8არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.
9ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.
10სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.
11მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.
12ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით.
13და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით,
14არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.
Next