Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს?
2ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე,
3და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესათდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
4მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.
5ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.
6და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს.
7„მაგრამ მე განვსჯი იმ ხალხს, რომელიც მას დაიმონებს, თქვა ღმერთმა; ამის შემდეგ კი გამოვა იქიდან და ამ ქვეყანაში მემსახურება მე“.
8და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ მამამთავარს.
9მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტემი გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
10განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი.
11ჩამოვარდა შიმშილობა და დიდი გაჭირვება მთელს ეგვიპტესა და ქანაანში, და ვეღარ შოულობდნენ საზრდოს ჩვენი მამები.
12ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, და გაგზავნა პარველად ჩვენი მამები.
13მეორედ კი გამოეცნაურა იოსები თავის ძმებს, და შეიტყო ფარაონმა იოსების გვარი.
14გაგზავნა იოსებმა ხალხი და მოიხმო მამამისი იაკობი და მთელი თავისი საგვარეულო, სამოცდათხუთმეტი სული.
15ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, სადაც აღესრულა ისიც და ჩვენი მამებიც.
16გადმოასვენეს ისინი სიქემს და დაკრძალეს სამარხში, ვერცხლის ფასად რომ ეყიდა აბრაამს ემორ სიქემელის ძეთაგან.
17როდესაც მოახლოვდა აღთქმის აღსრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, გამრავლდა და გაძლიერდა ხალხი ეგვიპტეში
18იმ დრომდე, როცა ეგვიპტეში აღდგა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
19ის მზაკვრობდა ჩვენი მოდგმის მიმართ, ავიწროებდა ჩვენს მამებს და აიძულებდა გადაეყარათ თავიანთი ახალშობილნი, რომ არ ეცოცხლათ.
20ამ დროს დაიბადა მოსე; უყვარდა იგი ღმერთს და სამი თვე იზრდებოდა მამამისის სახლში.
21ხოლო როდესაც გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა და შვილივით გაზარდა იგი.
22განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი სიტყვით და საქმით.
23ხოლო როცა ორმოცი წლისა შესრულდა, თავისი ძმების, ისრაელის ძეთა სანახავად გაუწია გულმა.
24დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა, განგმირა ეგვიპტელი და ჩაგრულის შური იძია.
25ეგონა გაუგებდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ გაუგეს.
26მეორე დღეს გამოჩნდა მათ შორის, როცა ერომანეთში ჩხუბობდნენ, ზავისკენ მოუწოდა და უთხრა მათ: კაცნო, ძმები ხართ, რატომ შეურაცხყოფთ ერთმანეთს?
27მაგრამ მოყვასის შეურაცხმყოფელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულად?
28იქნებ ჩემი მოკვლაც გწადია, როგორც მოჰკალი გუშინ ეგვიპტელი?
29ამ სიტყვების გაგონებისას გაიქცა მოსე და მადიამის მხარეში გადაიხვეწა, სადაც შეეძინა ორი ვაჟი.
30ორმოცი წელი რომ გავიდა, ეჩვენა მას უფლის ანგელოზი ცეცხლმოდებული მაყვლოვანის ალში.
31გაოგნდა ამ ჩვენების შემყურე მოსე, ხოლო როცა სამზერად მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:
32„მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა“. შეძრწუნებულმა მოსემ ვეღარ გაბედა შეხედვა.
33უთხრა მას უფალმა: „გაიძრე ხამლები ფეხზე, ვინაიდან ეგ ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.
34ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად; ახლა კი წადი, ეგვიპტეში წარგგზავნი შენ“.
35ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით, მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას.
36მან გამოიყვანა ისინი და მოახდინა სასწაულები და ნიშები ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.
37ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის ძეთ: უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან აღგიდგენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს: მას უსმინეთ.
38ეს არის, ვინც იყო უდაბნოს საკრებულოში, სინას მთაზე მასთან მოსაუბრე ანგელოზსა და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო სიტყვანი სიცოცხლისა, რათა მოეცა ჩვენთვის;
39ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისაკენ მიიქცნენ თავიანთი გულით.
40და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები, რომლებიც გვიწინამძღვრებენ: ვინაიდან არ ვიცით, რა შეემთხვა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
41შექმნეს იმ დღეებში ხბო. მსხვერპლი შესწირეს და შეჰხაროდნენ მათივე ხელით ქმნილს.
42მაშინ ღმერთმა პირი იბრუნა მათგან და ციური ლაშქრის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: „სახლო ისაელისა, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოც წელიწადს?
43თქვენ მიიღეთ მოლოხის კარავი და ვარსკვლავი თქვენი ღმერთის რაიფანისა, ხატებანი, რომელნიც შეჰქმენით, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; ამიტომაც გადაგასახლებთ ბაბილონს მიღმა“.
44მოწმობის კარავი ჩვენს მამებთან იყო უდაბნოში, როგორც უბრძანა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, შეექმნა იგი მის მიერ ხილული ხატის მსგავსად.
45ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იესოსთან ერთად შედგანეს იმ ხალხების სამკვიდრებელში, რომლებიც განდევნა ღმერთმა ჩვენი მამების წინაშე; ასე იყო დავითის დრომდე.
46მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა იაკობის ღმერთის სავანე.
47სახლი კი სოლომონმა აუგო მას.
48მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:
49„ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად?
50განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“
51ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
52რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.
53თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი.
54ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე.
55ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო.
56მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს.
57ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას.
58ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე.
59ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.
60მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.
Next