Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იყო იმ დღეს იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველანი, მოციქულების გარდა, იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ.
2ღვთისმოშიშმა კაცებმა დაკრძალეს სტეფანე და გულმდუღარედ დაიტირეს იგი.
3სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.
4ხოლო მიმოფანტულნი დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.
5ასე, ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და უქადაგებდა მათ ქრისტეს.
6ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, რასაც ამბობდა ფილიპე, უსმენდა და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.
7ვინაიდან მრავალთაგან, ვინც უწმინდურ სულებს შეეპყროო ყვირილით. გამოდიოდნენ ისინი და მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა.
8და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში.
9იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, გრძნეულებას რომ მისდევდა უწინ, აცვიფრებდა სამარიელებს და დიდ ვინმედ მოჰქონდა თავი.
10ყველა, დიდი თუ პატარა, უსმენდა და ამბობდა: ეს არის ძალა ღვთისა, დიადად რომ იწოდებაო.
11სმენით კი იმიტომ უსმენდნენ, რომ რა ხანია აცვიფრებდა მათ გრძნეულებით.
12მაგრამ როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის მახარებელს, ნათელს იღებდა ქალიც და კაციც.
13თვითონ სიმონმაც ირწმუნა და ნათელ იღო, გვერდიდან აღარ შორდებოდა ფილიპეს, და, დიდ ძალთა და სასწაულთა მხილველს, უკვირდა.
14იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,
15რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სული წმიდა.
16ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით.
17მაშინ დაადეს მათ ხელი; და მათაც მიიღეს სული წმიდა.
18როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ
19და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა.
20ხოლო პეტრემ მიუგო მას: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღვთის ნიჭი.
21არა გაქვს წილი და არც ხვედრი შენ ამ სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არაწრფელია ღმრთის წინაშე.
22მაშ, შეინანე ეგ შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ეგება მოგიტევოს შენი გულისთქმა.
23რადგანაც გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შეკრულს.
24მიუგო სიმონმა და თქვა: შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ თქვენი ნათქვამიდან არა მოიწიოს რა ჩემზე.
25ხოლო მას შემდეგ, რაც იმოწმეს და იქადაგეს უფლის სიტყვა, იერუსალიმს გამობრუნდნენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.
26უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ.
27ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს,
28უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.
29მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს.
30ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ?
31მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.
32ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: „კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი.
33მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს? რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი“.
34მიუგო საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, მისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე?
35ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს.
36ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?
37ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.
38და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი.
39წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას.
40ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში.
Next