თავი - 6
Previous1ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას.
2მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ.
3მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება.
4ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი.
5მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი,
6რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ.
7იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.
8ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში.
9მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს.
10მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი.
11მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო.
12და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს.
13წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს.
14რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ.
15მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელთზისას.
Next