Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1ხოლო ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან - საფირასთან ერთად გაყიდა ყანა,
2ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო.
3მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?
4განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.
5ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას.
6წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს.
7სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა.
8ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად.
9უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ.
10მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკები და მკვდარი რომ ნახეს, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს.
11თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს.
12ხოლო მოციქულთა ხელით მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის ბჭესთან.
13დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ გაკარებას, ხალხი კი აქებდა მათ.
14და სულ უფრო მეტი მორწმუნე ემატებოდა უფალს, სიმრავლე კაცთა და ქალთა.
15ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ.
16ახლომახლო ქალაქებიდანაც აწყდებოდნენ იერუსალიმს, მოჰყავდათ სნეულნი და უწმინდური სულით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.
17მაშინ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, სადუკეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდნენ, აღდგნენ და შურით აღივსნენ.
18ხელი დაადეს მოციქულებს და საჯარო საპყრობილეში ჩაყარეს.
19მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
20წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა.
21ეს რომ მოისმინეს, დილით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ხოლო ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მისი თანამდგომნი, შეკრიბეს სინედრიონი და უხუცესნი ისრაელის ძეთაგან, და მოციქულთა მოსაყვანად მსახურები გაგზავნეს საპყრობილეში.
22მაგრამ, როდესაც მივიდნენ, მსახურებმა ისინი ვერ ნახეს საპყრობილეში, გამობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს:
23საპყრობილე საგულდაგულოდ დახშული დაგვხვდა, მცველები კი კართან იდგნენ; მაგრამ, რიდესაც გავაღეთ, ვერავინ ვნახეთ შიგ.
24ამ სიტყვების გაგონებისას ტაძრის მცველთა მეთაური და მღვდელმთავარნი საგონებელში ჩავარდნენ, ეს რას ნიშნავსო?
25ვიღაცა მოვიდა და მოახსენა მათ: ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაყარეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიანო.
26მაშინ მცველთა უფროსი მსახურების თანხლებით წავიდა და მოიყვანა ისინი, მაგრამ ძალა არ უხმარიათ, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.
27როდესაც მოიყვანეს, სინედრიონში დააყენეს ისინი და მღვდელმთავარმა ჰკითხა მათ:
28აკი სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით? და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი და გინდათ, რომ ჩვენზე მოიწიოს იმ კაცის სისხლი.
29ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა.
30ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ ძელზე დაჰკიდეთ და მოჰკალით.
31თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს.
32ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ.
33ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, გულზე სკდებოდნენ და უნდოდათ ბოლო მოეღოთ მათთვის.
34მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა მცირე ხნით გაეყვანათ მოციქულები.
35მერე კი უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, კარგად დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს.
36ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა, დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მომხრეები გაიფანტნენ და არარად იქცნენ.
37შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც.
38ამიტომაც გეუბნებით: ჩამოეხსენით ამ ხალხს და გაუშვით ისინი, ვინაიდან თუ ეს ზრახვა ანდა საქმე კაცთაგან არის, ჩაიშლება.
39ხოლო თუ ღვთისაგან არის, თქვენ ვერ ჩაშლით მას; მაშ, გაფრთხილდით, ღვთისმბრძოლებად არ შეირაცხოთ.
40დაუჯერეს მას, მოუხმეს მოციქულებს, ჰგვემეს, იესოს სახელით ლაპარაკი აუკრძალეს და გაუშვეს ისინი.
41ხოლო ისინი გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ.
42ტაძარსა თუ სახლებში ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს.
Next