Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1ვიდრე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს წამოადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის წინამძღვარი და სადუკეველნი,
2განრისხებულნი იმის გამო, რომ ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.
3დაადეს მათ ხელი და დაცვას გადასცეს მეორე დღემდე, რადგანაც უკვე ბინდდებოდა.
4ხოლო მრავალმა, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა; და იყო მათი რიცხვი ხუთი ათასამდე.
5მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავარნი, უხუცესნი და მწიგნობარნი,
6ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები, ვინც იყვნენ მღვდელმთავრის გვარიდან.
7შუაში დააყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?
8მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ: ერისმთავარნო და უხუცესნო,
9რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი,
10დაე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და მთელი ისრაელის ხალხმა, რომ ის მრთელი დგას თქვენს წინაშე იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი აღადგინა მკვდრეთით.
11ეს არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა.
12სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.
13პეტრესა და იოანეს სიმტკიცის შემყურენი ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბირი კაცნი არიან, მაგრამ განცვიფრებულნი იმას კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც თან ახლდნენ იესოს.
14ხოლო მათთან მდგომარე განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, აღარ შეეძლოთ ცილობა.
15სინედრიონიდან გასვლა უბრძანეს მათ და ერთმანეთში დაიწყეს ბჭობა.
16ამბობდნენ: რა ვუყოთ ამ ხალხს? რადგანაც იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის ცხადი შეიქნა, რომ მათი ხელით მოხდა ეს აშკარა სასწაული, და ჩვენ ვერ უარვყოფთ ამას.
17მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.
18მოუხმეს და უბრძანეს მათ, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარც ესწავლებინათ იესოს სახელით.
19ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინთთ, ვიდრე ღმერთს.
20არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია.
21ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა.
22ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, ვისზედაც მოხდა განკურნების ეს სასწაული.
23განთავისუფლებულნი თავისიანებთან მივიდნენ და უამბეს ყველაფერი, რაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უთხრეს მათ.
24ეს რომ მოისმინეს, ყველამ ერთხმად შეჰღაღადა ღმერთს: ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყოველივე იმისა, რაც არის მათში,
25ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი?
26აღიძრნენ ქვეყნის მეფენი და შემოკრბნენ მთავარნი უფლისა და მისი ქრისტეს სამტროდ“.
27ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად.
28რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა.
29ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა,
30როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.
31როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად.
32ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
33მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე.
34არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ,
35მოციქულების ფერხთით დებდნენ მას, და ეძლეოდა თვითეულს, ვისაც რა სჭირდებოდა.
36ასე იოსებმაც, მოციქულების მიერ ბარნაბად წოდებულმა (რაც თარგმანით ნიშნავს ნუგეშის ძეს), ლევიტელმა, წარმომავლობით კიპროსელმა,
37გაყიდა თავისი ყანა, მოიტანა ფული და მოციქულების ფერხთით დადო.
Next