Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში, რათა ელოცათ მეცხრე საათს.
2იყო ერთი კაცი, დაბადებიდანვე დავრდომილი; ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის ბჭესთან, რომელსაც ერქვა „მშვენიერი“, რათა მოწყალება ეთხოვა ტაძარში შემსვლელთათვის.
3როდესაც პეტრე და იოანე დაინახა, ტაძარში შესვლას რომ აპირებდნენ, მოწყალება სთხოვა მათ.
4პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა და უთხრა მას: აბა, შემოგვხედე.
5მანაც იმედით ახედა, ეგებ რამე მიწყალობონო.
6მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე.
7მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები.
8წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს.
9მთელი ხალხი უყურებდა თავისი ფეხით მოარულს და ღვთის მაქებარს.
10იცნეს, ვინც იყო: ტაძრის „მშვენიერ ბჭესთან“ რომ იჯდა მოწყალების სათხოვად; ამიტომაც შიშითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
11რაკი პეტრეს და იოანეს არ შორდებოდა, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვივდა მათ „სოლომონის ბჭესთან“.
12ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს უთხრა: კაცნო ისრაელიტნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით ავადგმევინეთ ფეხი?
13აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა ის აპირებდა გაეთავისუფლებინა იგი.
14მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა თქვენთვის.
15ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.
16რაკიღა ირწმუნა მისი სახელი, ეს კაცი, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა სახელმა; და მისმა რწმენამ ყველა თქვენგანის წინაშე უბოძა სიმრთელე.
17თუმცა აწ ვიცი, ძმანო, რომ უმეცრებით ჩაიდინეთ ეს, ისევე, როგორც თქვენმა მთავრებმა.
18ხოლო ღმერთმა როგორც წინასწარ გვაუწყა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა.
19მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები,
20მოიწიოს ჟამი სულის მოთქმისა უფლის პირისგან და მოგივლინოთ თქვენთვის წინასწარ აღთქმული იესო ქრისტე,
21რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.
22რადგანაც მოსემ თქვა: „უფალი ღმერთი ჩემნაირ წინასწარმეტყველს ადგიღგენთ თქვენი ძმებიდან; ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.
23და იქნება ასე: ყოველი სული, რომელიც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, ამოიძირკვება ხალხიდან“.
24ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან მოყოლებული, ასევე გვაუწყებდა ამ დღეებს.
25თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი“.
26თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული თქვენგანი.
Next