Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ.
2ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ.
3და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს.
4ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
5ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, როძლებიც არიან ცის ქვეშ.
6ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.
7უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალალეველნი არ არიან?
8როგორღა ვისმენთ სათითაოდ ჩვენს საკუთარ ენას, რომელშიც ვიშვით?
9პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი,
10ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კირენეს მომიჯნავე ლიბიის მხარის მცხოვრებნი, რომით მოსულნი,
11იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს.
12უკვირდა ყველას და გაოგნებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რას მოასწავებს ეს?
13სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო.
14ხოლო პეტრე, დადგა თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: კაცნო იუდეველნო და იერუსალიმის ყოველო მკვიდრო! ცნობილი იყო ეს თქვენთვის და ყური უგდეთ ჩემს სიტყვებს:
15ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია.
16არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ:
17„და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,
18ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ.
19მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს.
20მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული.
21და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“.
22კაცნო ისრაელტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით, -
23ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით.
24მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი.
25და მართლაც, დავითი ამბობს მასზე: „ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგანაც ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე.
26ამიტომაც გაიხარა ჩემმა გულმა და იგალობა ჩემმა ენამ; და თვით ჩემი ხორციც დაივანებს სასოებით.
27რადგანაც ჩემს სულს არ დაუტევებ ჯოჯოხეთში და არ გასწირავ შენს წმიდას ხრწნილების ხილვად.
28შენ მაუწყე სიცოცხლის გზანი; სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე“.
29კაცნო, ძმანო, შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ აღესრულა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა დღევანდელ დღემდე.
30მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა ფიცით შეჰფიცა, მისი წელის ნაყოფი დაესვა მისსავ ტახტზე,
31ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება.
32ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი.
33ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ.
34დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
35ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ შენს მტრებს“.
36მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.
37ამის გაგონებისას გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს უთხრეს: რა ვქნათ, კაცნო, ძმანო?
38ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.
39ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.
40მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან.
41ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.
42ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ.
43შიშს შეეპყრო ყოველი სული და მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა მოციქულთა მიერ.
44ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
45მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა.
46დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს,
47ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ.
Next