თავი - 1
Previous1პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა.
2ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულით წმიდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია,
3და რომლებსაც, მრავალი სარწმუნო ნიშნით, ცოცხლად წარუდგა თავისი ვნების შემდეგ; ორმოცი დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ.
4შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან.
5ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით.
6შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?
7და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.
8არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.
9ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან.
10და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით,
11რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი.
12მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, მის მახლობლად, შაბათის სავალ მანძილზე მდებარე მთიდან, რომელსაც ჰქვია ზეთისხილისა.
13შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,
14გამუდმებით რომ ლოცულობდნენ ერთსულოვნად, ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასა და მის ძმებთან ერთად.
15იმ დღეებში დადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის (იქნებოდა სულ ასოცამდე კაცი) და თქვა:
16კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ.
17ვინაიდან ჩვენს შორის იყო შერაცხილი და ხვდა წილი ამ მსახურებისა.
18მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი.
19ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა.
20ხოლო ფსალმუნთა წიგნში წერია: „დე, დარჩეს ოხრად მისი სახლ-კარი, არ იყოს მასში საცხოვრებელი“; და „სხვამ მიიღოს პატივი მისი“.
21ამიტომაც საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, რომელნიც მუდამ თან გვახლდნენ მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო,
22იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, - შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღღგომის მოწმე.
23და დააყენეს ორნი: იოსები, ბარაბად წოდებული, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია.
24ილოცეს და თქვეს: უფალო, ყველას გულთამხილავო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე.
25რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა მისულიყო თავის ადგილას.
26და უყარეს მათ წილი; შეხვდა წილი მატთიას და შეირაცხა წილი მატთიას და შეირაცხა თერთმეტ მოციქულს შორის.
Next