თავი - 27
Previous1როდესაც გადაწყდა ხომალდით გავეგზავნეთ იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის რაზმის ასისთავს ჩააბარეს, სახელად იულიუსს.
2ავედით ადრამიტიულ ხომალდზე, ასიის სანაპიროსთვის რომ უნდა ჩაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქე მაკედონელი.
3მეორე დღეს მივადექით სიდონს. იულიუსმა კაცთმოყვარეთბა გამოიჩინა პავლეს მიმართ და ნება დართო მოენახულებინა მეგობრები, რათა მათგან შემწეობა მიეღო.
4როცა კვლავ ავუშვით აფრა, კიპროსისკენ გავწიეთ პირქარის გამო.
5კილიკიისა და პამფილის გასწვრივ ცურვით გავლიეთ ზღვა და ლიკიის მირაში ჩავედით,
6სადაც ასისთავმა ნახა იტალიაში მიმავალი ალექსანდრიული ხომალდი და მასზე გადაგვსხა.
7რამდენიმე დღის განმავლობაში ნელა მივცურავდით ქარის გამო, რომელიც წინსვლას გვიშლიდა, და ძლივსძლივთბით მივაღწიეთ კნიდოსს, მერე კი სალმონთან ჩავუარეთ კრეტეს.
8რის ვაივაგლახით რომ გავცდით მას, მივადექით „კეთილ ნავსადგურად“ წოდებულ ადგილს, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ქალაქი ლასეა.
9მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო, პავლემ ურჩია მათ:
10როგორც ჩანს, ხალხო, მგზავრობა ძნელი და სახიფათო იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც.
11მაგრამ ასისთავი მესაჭესა და ხომალდის პატრონს უფრო ენდობოდა, ვიდრე პავლეს სიტყვებს.
12და რაკი ნავმისადგომი გამოსაზამთრებლად მოუხერხებელი იყო, უმრავლესობამ გზის გაგრძელება არჩია, რათა როგორმე მიეღწიათ კრეტეს ნავსადგურ ფენიქსისათვის, რომელიც, ერთის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთის, მეორეს მხრივ კი ჩრდილო-დასავლეთის ქარებისკენაა მიქცეული, და იქ გამოეზამთრებინათ.
13დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და კრეტეს გასწვრივ გაცურეს.
14მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული ევროკლიდონი;
15ეძგერა ხომალდს და რაკი მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტალღების სათამაშოდ ვიქეცით.
16გვერდით რომ ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, კლავდად სახელდებულს, ძლივს შევინარჩუნეთ ნავი;
17ზემოთ რომ ამოათრიეს, ყოველნაირად ეცადნენ ბაგირებით გაემაგრებინათ ხომალდი და იმისი შიშით, ვაითუ სირტისში ამოვყოთ თავიო, აფრები დაუშვეს და ასე განაგრძეს გზა.
18რაკი გრიგალი კვლავ მძვინვარებდა, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დაიწყეს.
19მესამე დღეს კი ხომალდის აღჭურვილობა თავისი ხელით გადაუძახეს ზღვაში.
20მაგრამ რაკი რამდენიმე დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და არც გრიგალი ცხრებოდა, ბოლოს და ბოლოს, ხსნის ყოველგვარი იმედი გადაგვიწყდა.
21დიდი ხანია არაფერი გვეჭამა; მაშინ პავლე ჩადგა მათ შორის და თქვა: ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტეს არ გასცლოდით, ხალხო, თავიდან აიცილებდით ამდენ ჭირსა და ვარამს.
22ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ, რადგანაც ყველანი გადარჩებით, ხომალდის გარდა.
23ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ.
24და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებღად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე.
25მაშ, მხნედ იყავით, ხალხო, რადგანაც მწამს ღვთისა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მეუწყა.
26უთუოდ, რომელიმე კუნძულზე უნდა გავირიყოთ.
27მეთოთხმეტე ღამე რომ დადგა, რაც ადრიატიკის ზღვაში დავცურავდით, შუაღამისას მეზღვაურები მიხვდნენ, რომ რომელიღაც ნაპირს ვუახლოვდებოდით.
28გაზომეს სიღრმე და გამოვიდა ოცი მხარი; ცოტა მოშორებით ისევ გაზომეს და გამოვიდა თხუთმეტი მხარი.
29შეეშინდათ, ვაითუ მეჩეჩზე დავჯდეთო, კიჩოდან ოთხი ღუზა ჩაუშვეს და განთიადს დაელოდნენ.
30ხოლო რაკი მეზღვაურებმა ხომალდიღან გაქცევა დააპირეს და შეეცადნენ ზღვაში ჩაეშვათ ნავი, იმ საბაბით, თითქოს ხომალდის ცხვირიდანაც უნდოდათ ღუზის ჩაშვება, -
31პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: თუ ისინი ხომალდზე არ დარჩებიან, ვეღარაფერი გიხსნითო.
32მაშინ ჯარისკაცებმა გადაჭრეს თოკები და ნავი ზღვაში ჩავარდა.
33განთიადისას პავლემ ყველას შესთავაზა პური ეჭამათ და თქვა: აგერ უკვე თოთხმეტი დღეა, რაც მოლოდინში უზმოდა ხართ და ლუკმა არ ჩაგიდევთ პირში.
34ამიტომაც გთხოვთ, საჭმელი ჭამოთ, რაც საჭიროა თქვენსავ სახსნელად, ვინაიდან არცერთი თქვენგანის თავიდან ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება.
35ეს რომ თქვა, პური აიღთ, ყველას წინაშე მადლი შესწირა ღმერთს, გატეხა და ჭამა დაიწყო.
36მაშინ ყველანი გამხნევდნენ და თვითონაც შეუდგნენ ჭამას.
37ხოლო ხომალდზე სულ ორას სამოცდათექვსმეტი სული ვიყავით.
38როცა დანაყრდნენ, ხომალდისთვის ტვირთი რომ შეემსუბუქებინათ, ზღვაში გაყარეს ხორბალი.
39მაგრამ როდესაც ინათა, ხმელეთი ვერ იცნეს, მხოლოდ სანაპიროში შეჭრილი ყურე შენიშნეს, რომელშიაც გადაწყვიტეს ხომალდით შესვლა, თუკი შეძლებდნენ.
40ღუზები გადაჭრეს და ზღვაში ჩატოვეს, იმავდროულად მოუშვეს საჭის საკვრელიც, ქარის საპირისპიროდ აღმართეს მცირე აფრა და ნაპირისკენ აიღეს გეზი.
41მაგრამ წყალგამყოფ კლდეს დაეჯახნენ და მეჩეჩზე დაჯდნენ; ხომალდი ცხვირით ჩაერჭო წყალში, კიჩოს კი აბობოქრებული ტალღები ასკდებოდნენ და დალეწვას უქადდნენ.
42მაშინ ჯარისკაცებმა განიზრახეს დაეხოცათ პატიმრები, რომ ვინმეს არ გაეცურა და გაქცეულიყო.
43მაგრამ ასისთავმა, რომელსაც სურდა გადაერჩინა პავლე, ამის ნება არ დართო მათ და ბრძანა, ვისაც შეეძლო, პირველი გადამხტარიყო და ცურვით გასულიყო ხმელეთზე,
44დანარჩენებს კი ფიცრები ან ხომალდის ნამსხვრევები ჩაებღუჯათ და ასე გადაერჩინათ თავი. ამრიგად, როგორც იქნა, ყველამ მიაღწია ნაპირს.
Next