თავი - 28
Previous1თავდაღწეულებმა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტე ერქვა.
2იქაურებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, ამ წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და გვიმასპინძლეს.
3მაგრამ როდესაც პავლემ დიდძალი ფიჩხი შეაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, სიცხის გამო ანაზდეულად გამოძვრა გველი და მკვლავზე შემოეხვია.
4მის მკლავზე შემოხვეული გველის დანახვისას იქაურებმა ერთმანეთს უთხრეს: ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგანაც ზღვისგან თავდაღწეულს სამართალი უსწრაფებს დღესო.
5მაგრამ მან ხელი გაიქნია და ცეცხლში შეაგდო გველი, ისე, რომ არა ვნებია რა.
6მათ ეგონათ, გასივდება ან ახლავე მკვდარი დაეცემაო, მაგრამ რაკი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ღმერთიაო.
7იმ არემარეში მამული ჰქონდა კუნძულის მთავარს, სახელად პუბლიუსს, რომელმაც მიგვიღო და სამი დღე სტუმართმოყვრულად გვიმასპინძლა.
8პუბლიუსის მამა ლოგინად ჩაეგდო ხურვებას და მუცლის გვრემას; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელი დაადო და ისიც განიკურნა.
9ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა.
10სანაცვლოდ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს.
11სამი თვის შემდეგ ჩავსხედით დიოსკურების ნიშნიან ალექსანდრიულ ხომალდში, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა.
12ჩავედით სირაკუზაში, სადაც სამი დღე დავრჩით.
13იქიდან წამოსულები მივადექით რეგიუმს, და რაკი ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა, მეორე დღეს პუტეოლისში ჩავედით,
14სადაც ვინახულეთ ძმები, რომლებმაც გვთხოვეს, შვიდი დღე დაგვეყო მათთან, შემდეგ კი რომისკენ ავიღეთ გეზი.
15ჩვენი ამბავი რომ გაეგოთ, იქაური ძმები აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოგვეგებნენ; მათი დანახვისას პავლემ მადლი შესწირა ღმერთს და გამხნევდა.
16როდესაც რომში მივედით, პავლეს ნება დართეს ცალკე ეცხოვრა მის მეთვალყურე ჯარისკაცთან ერთად.
17სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეგროვდნენ, უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, არც ხალხის მიმართ შემიცოდავს და არც მამაპაპეული ადათის წინაშე, მაგრამ იერუსალიმიდან მაინც შეკრული მიმცეს ხელში რომაელებს,
18რომლებმაც დამკითხეს და ჩემი განთავისუფლება უნდოდათ, რადგანაც არ მიმიძღვის არავითარი ისეთი ბრალი, სიკვდილს რომ ვიმსახურებდე.
19მაგრამ რაკი იუდეველები დამიპირისპირდნენ, იძულებული გავხდი კეისრის მსჯავრი მომეთხოვა, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ბრალი დამედო ჩემი ხალხისთვის.
20სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, რათა მენახეთ და თქვენთან მელაპარაკა, რადგანაც ისრაელის სასოებისათვის მადევს ეს ხუნდები.
21იუდეველებმა უთხრეს ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენი ძვირი.
22მაგრამ ის კი გვსურს, რომ მოვისმინოთ შენგან, მაინც რას ფიქრობ, რადგანაც ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან წინააღმდეგობას უწევენ.
23დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი.
24ზოგი ერწმუნა მის სიტყვებს, ზოგი კი არა.
25რაკი ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: კარგად თქვა სულმა წმიდამ თქვენი მამების მიმართ ესაია წინასწარმეტყველის პირით:
26„მიდი და უთხარი ამ ხალხს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ,
27რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
28მაშ, იცოდეთ, რომ ხსნა ღვთისა მოევლინა წარმართთ, და ისინი ისმენენ კიდეც“.
29ეს რომ თქვა, იუდეველები წავიდნენ და ცხარედ დაობდნენ ერთმანეთში.
30ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებ ბინაში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს.
31ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და თამამად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეს ამბავს.
Next