თავი - 26
Previous1აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენსავე თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა:
2მეფეო აგრიპა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიაც ბრალს მდებენ იუდეველნი.
3მით უმეტეს, რომ იცნობ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს. ამიტომაც გთხოვ დიდსულოვნად მისმინო.
4სიყრმიდანვე მე ჩემს ხალხს შორის ვცხოვრობდი იერუსალიმში, და ეს იცის ყველა იუდეველმა.
5იმთავითვე მიცნობდნენ, თუკი მოწმობა სურთ, რომ ჩვენი სარწმუნოების მკაცრი მოძღვრების თანახმად, ვცხოვრობდი როგორც ფარისეველი.
6ახლა კი სამსჯავროს წინაშე ვდგავარ იმის გამო, რომ იმედი მქონდა აღთქმისა, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს მამებს,
7და რომლის აღსრულების იმედიცა აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ მსახურებენ ღმერთს. სწორედ ამ იმედის გამო მდებენ ბრალს, მეფეო აგრიპა, იუდეველნი.
8ნუთუ დაუჯერებლად მიაჩნიათ, რომ ღმერთი აღადგენს მკვდრებს?
9თუმცა მე თვითონაც მეგონა, რომ ყოველნაირად წინ უნდა აღვდგომოდი იესო ნაზარეველის სახელს.
10ასედაც ვიქცეოდი იერუსალიმში: მღვდელმთავართაგან უფლებამოსილმა მრავალი წმიდა ჩავყარე საპყრობილეში, და, როცა მათ ხოცავდნენ, ვეთანხმებოდი ამას.
11მრავალგზის ვაწამებდი სინაგოგებში, ვაიძულებდი ეგმოთ და, გამძვინვარებული, სხვა ქალაქებშიაც ვდევნიდი მათ.
12სწორედ ამ მიზნით დამასკოს მიმავალმა მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და ბრძანებით,
13შუადღისას, მეფეო, გზაზე ნათელი ვიხილე ზეცით, რომელიც აღემატებოდა მზის ბრწყინვალებას და მეც მომიცვა და ჩემი მხლებლებიც.
14ყველანი მიწაზე დავემხეთ და ჩამესმა ხმა, რომელმაც ებრაულად მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა.
15მე მივუგე: ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.
16მაგრამ წამოდექ და ფეხზე დადექი, ვინაიდან იმისთვის მოგევლინე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ,
17რათა გაგარიდო ხალხსა და წარმართთ, რომლებთანაც ახლა მიგავლენ,
18იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის.
19ამიტომაც არ ვეურჩე, მეფიო აგრიპა, ზეციურ ხილვას,
20არამედ თავდაპირველად დამასკელებსა და იერუსალიმელებს, შემდეგ კი იუდეველთა მთელ ქვეყანასა და წარმართებსაც ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევის სინანულის ღირს საქმეთა აღსრულებით.
21ამიტომ შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს.
22მაგრამ, ღვთის შეწევნით, დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ დიდსა თუ მცირეს და არაფერს ვამტკიცებ, გარდა იმისა, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო;
23რომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდრეთით, რათა ეუწყებინა ნათელი ხალხისა და წარმართებისთვის.
24ასე რომ იცავდა თავს, ფესტუსმა ხმამაღლა შესძახა: შმაგობ, პავლე, მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ!
25ხოლო მან თქვა: კი არა ვშმაგობ, მძლეთამძლეო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვამბობ.
26ვინაიდან იცის ეს მეფემ, ვის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. ვერ დავიჯერებ, რომ მისთვის აქედან დაფარული იყოს რაიმე, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში როდი მომხდარა.
27გწამს, მეფეო აგრიპა, წინასწარმეტყველთა სიტყვები? ვიცი, რომ გწამს.
28ხოლო აგრიპამ პავლეს უთხრა: ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.
29პავლემ კი თქვა: ღმერთმა ინებოს, რომ, ცოტადაც და ბევრადაც, მარტო შენ კი არა, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ცხადია, ამ ბორკილების გარეშე.
30ეს რომ თქვა, მეფე და მმართველი, ბერნიკე და მათთან მსხდომნი წამოიშალნენ,
31განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ეს კაცი, თავისი ქცევით, არც სიკვდილს იმსახურებს და არც ბორკილებსო.
32ხოლო აგრიპამ უთხრა ფესტუსს: შეიძლებოდა გაგვეთავისუფლებინა ეს კაცი, კეისრის მსჯავრი რომ არ მოეთხოვა.
Next