თავი - 23
Previous1პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.
2მღვდელმთავარმა ანანიამ კი უბრძანა მის გვერდით მდგომთ თავ-პირი დაელურჯებინათ მისთვის.
3მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას.
4ხოლო იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ?
5უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი.
6როდესაც მიხვდა პავლე, რომ შეკრებილთა შორის ზოგი სადუკეველია, ზოგი კი - ფარისეველი, ხმამაღლა შესძახა სინედრიონში: კაცნო, ძმანო, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. და აქ იმისთვის ვისჯები, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაქვს.
7ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა და ორად გაიყო კრებული.
8ვინაიდან სადუკეველები ამტკიცებენ, რომ არც აღდგომა არსებობს, არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი აღიარებენ ყოველივე ამას.
9ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა მხრიდან წამოდგნენ მწიგნობრები და ცილობის ნიშნად თქვეს: ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოუღთბთ ამ კაცში; იქნება სული ამეტყველებს, ან ანგელოზი?
10მაგრამ რაკი დავა გამძაფრდა, ათასისთავს შეეშინდა, ვაითუ პავლე შუაზე გაგლიჯონო, ამიტომაც ჯარისკაცებს უბრძანა, მისულიყვნენ, ხალხისთვის გამოერიდებინათ და ციხეში წაეყვანათ იგი.
11მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა პავლეს და უთხრა: მხნედ იყავ, ვინაიდან როგორც მიმოწმე იერუსალიმში, რომშიც ასევე უნდა მიმოწმო.
12როცა გათენდა, იუდეველები შეითქვნენ და ფიცი დადეს, არც ეჭამათ და არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს.
13ხოლო შეთქმულნი ორმოცზე მეტნი იყვნენ.
14მღვდელმთავრებსა და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: ფიცით დავიფიცეთ, რომ ლუკმას არ ჩავიდებთ პირში, ვიდრე არ მოვკლავთ პავლეს.
15მაშ, ახლა სინედრიონთან ერთად შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოგგვაროთ იგი, ვითომ გსურთ უფრო დაწვრილებით გამოიძიოთ იმისი საქმე, ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოვა, მზადა ვართ მის მოსაკლავად.
16შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, ციხეში შეაღწია და აუწყა პავლეს.
17ხოლო მან უხმო ერთ-ერთ ასისთავს და უთხრა: ეს ჭაბუკი მიიყვანე ათასისთავთან, ვინაიდან რაღაცა აქვს მისთვის სათქმელი.
18მანაც წაიყვანა იგი, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: პატიმარმა პავლემ მიხმო და მთხოვა შენთან მომეყვანა ეს ჭაბუკი, ვინაიდან სიტყვა აქვს შენთვის სათქმელი.
19ათასისთავმა ხელი მოჰკიდა, განზე გაიხმო და ჰკითხა: რაო, მაინც რა უნდა მითხრა?
20ხოლო მან უთხრა: იუდეველებმა განიზრახეს გთხოვონ, რომ ხვალ სინედრიონში მიიყვანო პავლე, ვითომ უფრო გულდასმით სურთ მისი საქმის გამოძიება.
21მაგრამ ნუ ერწმუნები მათ, ვინაიდან ჩასაფრებული ჰყავთ ორმოცზე მეტი კაცი, რომლებმაც დაიფიცეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე არ მოკლავენ პავლეს. ახლა უკვე გამზადებულნი არიან შენი ბრძანების მოლოდინში.
22მაშინ ათასისთავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა: არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო.
23მოიხმო ორი ასისთავი და უთხრა მათ: ღამის სამი საათისათვის მზად გყავდეთ ორასი ქვეითი, სამოცდაათი მხედარი და ორასი შუბოსანი კესარიაში გასამგზავრებლად.
24მზად გყავდეთ აგრეთვე სახედარიც, რომ ზედ შესვან პავლე და მმართვეღ ფელიქსს მიჰგვარონ.
25და დაწერა ასეთი შინაარსის წერილი:
26„კლავდიუს ლისია მძლეთამძლე მმართვეღს ფელიქსს, გიხაროდეს:
27ეს კაცი შეიპყრეს იუდეველებმა და მოკვლას უპირებდნენ; მე ჯარისკაცებით მივედი და როცა გავიგე, რომ რომაელია, გამოვიტაცე.
28მინდოდა გამეგო, რას სდებდნენ ბრალად და მათ სინედრიონში მივიყვანე.
29მივხვდი, რომ თავიანთი რჯულის გამო დაედანაშაულებინათ, მაგრამ ისეთი არაფერი ჩაუდენია, სიკვდილი ან ბორკილები რომ დაემსახურებინოს.
30როდესაც გავიგე, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულიყვნენ, მაშინვე შენთან გამოვგზავნე და ბრალმდებლებსაც ვუბრძანე შენს წინაშე ელაპარაკათ მასზე. იცოცხლე!“
31ჯარისკაცებმა, ბრძანებისამებრ, წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრიდას.
32მეორე დღეს კი მხედრებს გააყოლეს და უკან დაბრუნდნენ.
33ხოლო მათ კესარიაში ჩასვლისას წერილი გადასცეს და პავლეც წარუდგინეს მმართველს.
34წერილი რომ წაიკითხა, მმართველმა ჰკითხა: სადაური ხარო, და, როცა გაიგო, კილიკიელი ყოფილაო, თქვა:
35მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ; მერე კი ბრძანა, ჰეროდეს პრეტორიუმში ჰყოლოდათ და თვალყური სჭეროდათ მასზე.
Next