Eleos

Contents

თავი - 22

Previous
1კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენს წინაშე.
2როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, უფრო დიდი სიჩუმე ჩამოვარდა. მან კი განაგრძო:
3მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი.
4სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებსაც.
5რაშიაც მღვდელმთავარიც დამემოწმება და ყველა უხუცესიც, რომლებმაც წერილები გამატანეს დამასკოში მყოფი ძმებისთვის, და წავედი, რომ იქაურებიც შებორკილნი ჩამომეყვანა იერუსალიმს, რათა გვეწამებინა ისინი.
6მოხდა ისე, რომ, როცა გზად მიმავალი ვუახლოვდებოდი დამასკოს, ანაზდეულად დიდმა ნათელმა მომიცვა ზეცით.
7მიწაზე დავემხე და ჩამესმა ხმა, რომელმაც მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?
8მივუგე: ვინა ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზორეველი, რომელსაც შენ დევნი.
9ჩემმა მხლებლებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ.
10მე ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? უფალმა კი მითხრა: ადექი და შედი დამასკოში, სადაც გეუწყება ყველაფერი, რისი ქმნაც ნაბრძანები გაქვს.
11რაკი იმ ნათლის დიდებისაგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემმა მხლებლებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში.
12ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით და ყველა დამასკოელი იუდეველისგან პატივდებული,
13მოვიდა ჩემთან, გვერდით დამიდგა და მითხრა: საულ, ძმაო, აგეხილოს თვალი; და იმწამსვე დავინახე იგი.
14ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ აგირჩია შენ, რათა შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მის ბაგეთაგან ისმინო სიტყვა.
15რადგანაც შენ იქნები მისი მოწმე ყოველი კაცის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე.
16მაშ, რაღას უცდი? ადექი, ნათელ იღე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.
17ხოლო იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ტაძარში ვლოცულობდი და ექსტაზში ჩავვარდი.
18ვიხილე უფალი, რომელმაც მითხრა: სასწრაფოდ გაეცალე იერუსალიმს, რადგანაც არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემს შესახებ.
19მე ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეთ,
20ხოლო როდესაც იღვრებოდა შენი მოწამის - სტეფანეს სისხლი, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი მის მოკვლას და მისი მკვლელების სამოსს ვდარაჯობდი.
21მითხრა: წადი, რადგანაც შორს, წარმართებთან წარგგზავნი შენ.
22ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, მერე კი ხმა აიმაღლეს და თქვეს: აღიგავოს მიწის პირისაგან ასეთი კაცი, ვინაიდან სიცოცხლის ღირსი არ არის!
23და ვიდრე ასე ყვიროდნენ, მოსასხამებს იქნევდნენ და მტვრის ბუქს აყენებდნენ ჰაერში,
24ათასისთავმა ბრძანა ციხეში შეეყვანათ და შოლტის ცემით დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რატომ ყვიროდნენ მის წინააღმდეგ ასე გაშმაგებით.
25როცა ღვედებით დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: ნუთუ უფლება გაქვთ გაუსამართლებლად გაამათრახოთ რომის მოქალაქე?
26ეს რომ გაიგონა, ასისთავი მივიდა ათასისთავთან და უთხრა მას: რას აპირებ? ეს კაცი რომაელი ყოფილაო.
27ათასისთავი მივიდა და ჰკითხა: მითხარი, მართლა რომაელი ხარ? მიუგო: დიახ.
28ათასისთავმა თქვა: მე იმდენი ფული დავხარჯე, რომ რომის მოქალაქეობა მიმეღო. ხოლო პავლემ უთხრა: მე კი რომაელად დავიბადე.
29მყისვე დაეხსნენ, ვისაც მისი დაკითხვა სურდა, და თვით ათასისთავსაც შეეშინდა, როცა გაიგო, რომ თურმე რომის მოქალაქე შეაბორკინა.
30მეორე დღეს მოისურვა დანამდვილებით გაეგო, რას სდებდნენ ბრალად იუდეველნი, ბორკილები შეხსნა და მღვდელმთავრებისა და მთელი სინედრიონის შეკრება ბრძანა; გამოიყვანა პავლე და მათ წინაშე დააყენა.
Next