Eleos

Contents

თავი - 21

Previous
1მათ რომ დავშორდით, პირდაპირ გავცურეთ და კოსს მივადექით, მეორე დღეს კი - როდოსს, ხოლო იქიდან - პატარას.
2ფინიკიისაკენ მიმავალი ხომალდი ვნახეთ, ზედ ავედით და გავცურეთ.
3გამოჩნდა კიპროსი, რომელიც მხარმარცხნივ მოვიტოვეთ, სირიისაკენ გავემართეთ და მივადექით ტიროსს, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი.
4მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს.
5იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.
6ერთმანეთს დავემშვიდობეთ; ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლში დაბრუნდნენ.
7გავლიეთ გზა და ტიროსიდან პტოლემაიდაში ჩავედით, მოვიკითხეთ მოწაფეები და ერთი დღე დავყავით მათთან.
8მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში შევედით და იქ დავდექით.
9ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო.
10კარგა ხანს დავყავით მისას; ჩვენს იქ ყოფნაში იუდეიდან ჩამოვიდა ერთი წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი.
11ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: კაცს, ვისიცაა ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმს და წარმართებს მისცემენ ხელში.
12ეს რომ გავიგონეთ, ჩვენც და იქაურებმაც თხოვნა დავუწყეთ პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმს.
13მან კი მოგვიგო: ამას რას სჩადით? ტირილით მიურვებთ გულს? არამცთუ შესაკვრელად, საიმისოდაც მზადა ვარ, რომ იერუსალიმში თავი შევწირო უფალ იესოს სახელს.
14რაკი ვერ დავიყოლიეთ, დავშოშმინდით და ვთქვით: დე, იყოს უფლის ნება!
15და იმ დღეების შემდეგ იერუსალიმს ასასვლელად გავემზადეთ.
16თან მოგვყვებოდნენ კესარიელი მოწაფეები, რომლებსაც უნდა დავებინავებინეთ ერთი ძველი მოწაფის - მნასონ კიპროსელის სახლში.
17იერუსალემში რომ ავედით, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.
18მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად ეწვია იაკობს და იქვე მოვიდა ყველა უხუცესიც.
19პავლემ მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით აღასრულა წარმართებს შორის.
20ხოლო მათ, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ხომ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის, და ყველანი გულმხურვალედ იცავენ რჯულს.
21შენზე გაიგეს, რომ მოსესაგან განდგომას ასწავლი წარმართთა შორის მცხოვრებ იუდეველებს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადასცვითონ თავიანთ შვილებს და არც ადათ-წესებს მისდიონ.
22მერედა, რა ვქნათ? უთუოდ შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს.
23ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გირჩევთ: აქა გვყავს ოთხი კაცი, რომლებმაც აღთქმა დადეს.
24წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმინდე და გაიღე მათი ხარჯი, რომ თმა შეიკვეცონ; ამრიგად, ყველა მიხვდება, რომ რაც შენზე გაუგიათ, სულ ტყუილია, და რომ შენ კვლავინდებურად იცავ რჯულს.
25ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას.
26მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი.
27შვიდი დღე რომ მიიწურა, ასიელმა იუდეველებმა, რომლებმაც ტაძარში დაინახეს იგი, ააბორგეს მთელი ხალხი, ხელი დაადეს მას
28და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.
29(ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი).
30შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი; შეიპყრეს პავლე, ტაძრიდან გამოათრიეს და მყისვე დაიხშო კარი.
31როდესაც მოკვლა დაუპირეს, ათასისთავამდე მიაღწია ხმამ, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო.
32დაუყოვნებლივ წამოიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გამოეშურა. ათასისთავისა და ჯარისკაცების დანახვაზე ხალხმა თავი ანება პავლეს ცემას.
33მაშინ ათასისთავი მიუახლოვდა და წამოაყენა იგი, ბრძანა ორმაგი ჯაჭვით შეეკრათ და თან ხალხს ეკითხებოდა, ვინ არის, ან რა ჩაიდინაო?
34ხალხში ერთნი ერთს გაჰყვირთდნენ, მეორენი კი - მეორეს. და რაკი ამ ღრიანცელში დანამდვილებით ვერაფერი გაიგო, ათასისთავმა მისი ციხეში წაყვანა ბრძანა.
35კიბეზე რომ შედგა ფეხი, ჯარისკაცები, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებულნი შეიქნენ ხელში აეყვანათ პავლე.
36ვინაიდან ზღვა ხალხი მოსდევდა და მოსძახოდა: სიკვდილი მაგას!
37ციხეში რომ შეჰყავდათ, პავლემ ათასისთავს უთხრა: შეიძლება ერთი რამ გკითხო? ხოლო მან თქვა: ბერძნული იცი?
38განა შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ რომ აამბოხა და უდაბნოში გაიყვანა ოთხი ათასი სიკარიელი?
39პავლემ მიუგო: მე ვარ იუდეველი კაცი, ტარსოსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე. გევედრები, ნება მიბოძე ხალხს დაველაპარაკო.
40ნებართვა რომ მიიღო, პავლე კიბის თავზე დადგა, ხელით ანიშნა ხალხს და როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა მათ:
Next