Eleos

Contents

თავი - 24

Previous
1ხუთი დღის შემდეგ მოვიდა ანანია მღვდელმთავარი უხუცესებსა და ვინმე მჭევრმეტყველ ტერტულუსსთან ერთად, რომლებმაც მმართველთან უჩივლეს პავლეს.
2როდესაც უხმეს, ტერტულუსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა:
3შენი წყალობით გვაქვს სრული მშვიდობა და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას, რასაც დიდი მადლიერებით ვაღიარებთ ყველგან და ყოველთვის, მძლეთამძლეო ფელიქს.
4მაგრამ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, გთხოვ მოკლედ მოგვისმინო შენთვის ჩვეული მოწყალებით.
5რაკი ეს კაცი მავნებლად, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის აღმძვრელად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღვრად ვცანით,
6თვით ტაძრის შებილწვაც რომ სცადა, ამიტომ ჩვენც შევიპყარით და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვესაჯა იგი.
7მაგრამ მოვიდა ათასისთავი ლისია, ძალით გამოგვტაცა ხელიდან და შენთან გამოგზავნა.
8მის ბრალმდებლებსაც გვიბრძანა შენთან მოსვლა; შეგიძლია დაჰკითხო და მისგანვე გაიგებ, რასაც ვდებთ ბრალად.
9იუდეველებმაც დაუმოწმეს, სწორედ ასეაო.
10ხოლო პავლემ, როცა მმართველმა ანიშნა, ილაპარაკეო, თქვა: რაკიღა ვიცი, რომ ამდენი წლის მანძილზე მართლად განიკითხავ ამ ხალხს, მით უფრო თამამად შევძლებ თავის მართლებას.
11თვითონვე შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტი დღე თუ იქნება, რაც იერუსალიმს ავედი თაყვანისცემად.
12არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ დავა დამეწყოს ან ამებორგებინოს ხალხი, არც სინაგოგაში და არც ქალაქში.
13ვერც იმას დაამტკიცებენ შენს წინაშე, რაშიაც ახლა მდებენ ბრალს.
14იმას კი ვაღიარებ შენს წინაშე, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ისინი მწვალებლურს უწოდებენ, მამების ღმერთს ვემსახურები, და მწამს ყველაფერი, რაც დაწერილია რჯულში და წინასწარმეტყველთა მიერ.
15და ღვთის იმედი მაქვს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თვითონვე მოელიან.
16ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე.
17მრავალი წლის შემდეგ მოვედი, რათა მეძღვნა ჩემი ხალხისთვის მოწყალება და შესაწირავი.
18სწორედ შეწირვისას მნახეს ტაძარში, გაწმენდილი, ხალხისა და შფოთის გარეშე,
19ასიელმა იუდეველებმა; სწორედ ისინი უნდა მოსულიყვნენ და შენს წინაშე და ეჩივლათ ჩემთვის, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ.
20არადა, თვით ამათ თქვან, რა ბრალი ჰპოვეს ჩემში, როცა წარვდექი სინედრიონის წინაშე,
21გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომა რომ მწამს, მიტომ მსჯით-მეთქი დღეს?
22ეს რომ მოისმინა, ფელიქსმა, რომელიც კარგად იცნობდა ამ გზას, გადადო საქმის განხილვა და თქვა: როცა ათასისთავი ლისია მოვა, მაშინ გავარჩევ თქვენს საქმესო.
23ხოლო ასისთავს პავლეს დარაჯობა უბრძანა, მაგრამ ისე კი, რომ არ შეეწუხებინათ და არც ახლობლებისთვის დაეშალათ მისი მსახურება ან ნახვა.
24რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი თავის იუდეველ ცოლთან - დრუზილასთან ერთად მივიდა და პავლე მოაყვანინა, რათა იესო ქრისტეს სარწმუნოების ამბავი გამოეკითხა.
25მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო.
26თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე ფულს შეაძლევდა; ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.
27მაგრამ ორი წლის შემდეგ ფელიქსის ადგილი პორციუს ფესტუსმა დაიკავა. და რაკი სურდა იუდეველთათვის ეამებინა, ფელიქსმა პატიმრად დატოვა პავლე.
Next