თავი - 14
Previous1იკონიაში ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ელინმა ირწმუნა.
2მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და ძმების წინააღმდეგ წააქეზეს წარმართთა სული.
3თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს.
4მაშინ მოქალაქენი ორად გაიყვნენ: ზოგი იუდეველებს უჭერდა მხარს, ზოგი კი - მოციქულებს.
5მაგრამ როცა წარმართები და იუდეველნი თავიანთ მთავრებთან ერთად აღიძრნენ, რათა შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი,
6გაიგეს, რასაც აპირებდნენ და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს მიაშურეს,
7და ახარებდნენ იქ.
8ლისტრაში იჯდა ერთი კაცი, ორივე ფეხწართმეული, და დედის საშოდანვე ხეიბრად შობილს თავის დღეში არ გაევლო.
9ეს კაცი ყურს უგდებდა პავლეს, რომელმაც შეხედა მას და მიხვდა, რომ რწმენა და განკურნების იმედი ჰქონდა.
10ამიტომაც ხმამაღლა უთხრა: ფეხზე დადექი და გაიმართე! ისიც წამოხტა და სიარული დაიწყო.
11როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო.
12ამიტომ ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი - ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცი სიტყვისა.
13ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი.
14მაგრამ მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ეს რომ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს:
15რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია, 28.
16და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ.
17თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.
18ამ სიტყვებით, როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი.
19მაშინ ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა იუდეველებმა გადაიბირეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგანაც მკვდარი ეგონათ.
20მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ადგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს,
21სადაც იქადაგეს სახარება, მრავალი დაიმოწაფეს და ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდენ.
22ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.
23ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.
24შემდეგ პისიდია გადაიარეს და პამფილიაში ჩავიდნენ.
25პერგეში იქადაგეს სიტყვა და ატალიას მიადგნენ.
26იქიდან გასცურეს ანტიოქიისკენ, სადაც ღვთის მადლს იქნენ მინდობილი იმ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს.
27ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი.
28კარგა ხანს დარჩნენ იქ მოწაფეებთან ერთად.
Next