თავი - 13
Previous1ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე.
2უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ.
3მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს.
4ხოლო ისინი, სულის წმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კიპროსისკენ გაცურეს.
5სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას.
6როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტცელს, სახელად ბარიესოს,
7რომელიც პროკონსულ სერგიუს პავლიუსს, გონიერ კაცს ახლდა. მან უხმო ბარნაბასა და სავლეს, რადგანაც სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა.
8მაგრამ მათ წინ აღუდგა მოგვი ელიმა, რადგანაც ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან მიექცია პროკონსული.
9ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას
10და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი?
11აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
12როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.
13პაფოსიდან წამოსული პავლე და მისი მხლებლები პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, იოანე კი ჩამოსცილდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
14ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ.
15რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.
16წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ!
17ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
18ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში.
19ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
20შემდგომ ამისა, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის მანძილზე აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე.
21მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს.
22ხოლო მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუსვა მათ დავითი, ვისაც თავად უმოწმა სიტყვით: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად აღასრულებს ჩემს ნებას“.
23სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო,
24ვის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას სინანულისას.
25ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ; არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი შევუხსნა ფეხზე.
26კაცნო, ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთისმოშიშნო თქვენს შორის: აჰა, მოგევლინათ ხსნის სიტყვა.
27ვინაიდან იერუსალიმელებმა და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი, განსაჯეს და, ამრიგად, აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც იკითხება ყოველ შაბათს.
28და რაკი სიკვდილით დასჯის ღირსი ერთი ბრალიც ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს, მოეკლა იგი.
29ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს.
30მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით.
31მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე.
32და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო.
33როგორც წერია მეორე ფსალმუნში: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ“.
34ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს“.
35ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „არ ახილვინებ ხრწნილებას შენს წმიდას“.
36დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.
37ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება.
38მაშ, იცოდეთ, კაცნო, ძმანო, რომ მის მიერ გეუწყებათ ცოდვათა მიტევება.
39ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე.
40ფრთხილად იყავით, რათა არ მოიწიოს თქვენზე წინასწარმეტყველთაგან თქმული:
41„უყურეთ, მოძულენო, განცვიფრდით და განქარდით, რადგანაც იმნაირ საქმეს აღვასრულებ თქვენს დროში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ ეამბნა თქვენთვის“.
42იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ხალხი სთხოვდა მათ, იგივე ელაპარაკათ მომავალ შაბათს.
43საკრებულო რომ დაიშალა, იუდეველთა და ღვთისმოსავ პროზელიტთაგან მრავალი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას, რომლებიც ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მათ, დამკვიდრებულიყვნენ ღვთის მადლში.
44მეორე დღეს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი, რათა მოესმინათ ღვთის სიტყვა.
45ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე.
46ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ.
47რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე“.
48ეს რომ ესმოდათ, ხარობდნენ წარმართნი და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ირწმუნა ყველამ, ვინც იყო განწესებული საუკუნო სიცოცხლისათვის.
49და ვრცელდებოდა უფლის სიტყვა მთელს ქვეყანაში.
50მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის თავკაცნი, დევნა დაუწყეს პავლესა და ბარნაბას და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს ისინი.
51ხოლო მათ ჩამოიბერტყეს ფეხიდან მტვერი და იკონიას მიაშურეს.
52მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმიდით.
Next