თავი - 15
Previous1ზოგ-ზოგიერთნი ჩამოვიდნენ იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ მოსეს წესით არ მიიღებთ წინადაცვეთას, თავს ვერ იხსნითო.
2როდესაც პავლეს და ბარნაბას დიდი დავა და უთანხმოება მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის გამო იერუსალიმში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან.
3ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკია და სამარია გადაიარეს, წარმართთა მოქცევას აუწყებდნენ იქაურებს და დიდ სიხარულს ანიჭებდნენ ყველა ძმათაგანს.
4იერუსალიმს ასულნი მიიღეს ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად.
5მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული.
6მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები.
7ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.
8გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა.
9ამრიგად, რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით განვუსხვავებივართ ერთმანეთისგან.
10მაშ, ახლა რაღად გამოსცდით ღმერთს? რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა?
11მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც.
12დადუმდა მთელი კრებული; უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის.
13როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა აიღო სიტყვა და თქვა: კაცნო, ძმანო, მომისმინეთ:
14სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით.
15მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია:
16„შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას,
17რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი სახელით, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი“.
18ღმერთისთვის უკუნისიდან ცნობილია ყოველი საქმე მისი.
19ამიტომ მე ამგვარად განვსჯი: ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას.
20არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს.
21ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ კითხულობენ მას სინაგოგებში.
22მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის.
23თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!
24რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის,
25ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად,
26რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის.
27ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით.
28ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია:
29ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ!
30წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, მეკრიბეს ხალხი და წერილი გადასცეს.
31როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.
32ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები.
33ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან.
34სილამ კი იქვე დარჩენა ინება.
35ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.
36რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან.
37ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი.
38პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ.
39ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს.
40პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.
41დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.
Next