Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
2ის იყო დასაბამიდან ღმერთთან.
3ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
4მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.
5ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.
6იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე.
7ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან.
8არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის.
9იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად.
10ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი.
11თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს.
12ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი;
13და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ.
14სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.
15იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო.
16და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.
17რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.
18ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.
19ეს არის მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა იერუსალიმიდან წარგზავნეს მღვდლები და ლევიტელნი, რათა ეკითხათ მისთვის: ვინა ხარ შენ?
20და აღიარა, როდი უარყო; დიახ, აღიარა: მე არა ვარ ქრისტე.
21ჰკითხეს: მაშ, ვინ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? და მიუგო: არა.
22მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? რათა პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე?
23მან თქვა: მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, როგორც ბრძანა ესაია წინასწარმეტყველმა.
24ხოლო წარმოგზავნილნი ფარისეველთაგანნი იყვნენ.
25და ჰკითხეს მას: მაშ, რატომ სცემ ნათელს, თუკი არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც წინასწარმეტყველი?
26მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას იგი, ვისაც არ იცნობთ.
27ის არის ჩემს შემდეგ მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო; და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევუხსნა ხამლის საკვრელი.
28ეს ხდებოდა ბეთაბარაში, იორდანეს გაღმა, სადაც ნათელს სცემდა იოანე.
29მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს.
30ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო.
31მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რათა მოვლენოდა ისრაელს, სწორედ ამისთვის მოვედი წყლით ნათლის ცემად.
32მაშინ იმოწმა იოანემ და თქვა: ვიხილე სული, მტრედივით გადმომავაღი და დავანებული მასზე.
33მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმიდით ნათლისმცემელი.
34მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა.
35მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე თავის ორ მოწაფესთან ერთად.
36დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა.
37ამის გაგონებაზე ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა.
38ხოლო იესო შემობრუნდა და მის უკან მომავალნი რომ დაინახა, უთხრა მათ: რას ეძებთ? მათ კი მიუგეს: რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს მოძღვარს), სად ცხოვრობ?
39უთხრა მათ: მოდით და ნახეთ. ისინიც მივიდნენ, ნახეს, სადაც ცხოვრობდა, და იმ დღეს მასთან დარჩნენ; იქნებოდა ასე ათი საათი.
40ხოლო ამ ორთაგან ერთი, იოანესგან რომ გაიგონა იესოს სახელი და გაჰყვა მას, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა იყო,
41რომელმაც ყველაზე უმალ თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა მას: ვპოვეთ მესია (რაც თარგმანით ნიშნავს: ქრისტე);
42და იესოსთან მიიყვანა იგი. ხოლო იესომ შეხედა მას და უთხრა: შენა ხარ სიმონი, იონას ძე: ამიერიდან იწოდები კეფად (რაც თარგმანით ნიშნავს: კლდე).
43მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
44ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე.
45მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.
46და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე.
47მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა.
48უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე.
49ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე.
50მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ.
51და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.
Next