თავი - 24
Previous1ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან.
2მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.
3და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი.
4ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი.
5რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?
6აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო:
7რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს.
8და გაახსენდათ მისი სიტყვები.
9გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც.
10ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს.
11მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ.
12ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.
13იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი;
14და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო.
15ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ.
16მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი.
17და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი?
18ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ?
19და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, -
20სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი.
21ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა.
22თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან
23და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო.
24ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი.
25იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი!
26განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?
27მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში.
28მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო.
29ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო.
30ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ.
31მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის.
32და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში?
33მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი,
34რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს.
35მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
36ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
37ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო.
38მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში?
39შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს.
40ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ.
41მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ?
42და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი.
43მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ.
44და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში.
45მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი.
46და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით,
47და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.
48ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი.
49და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით.
50და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი.
51კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად.
52ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს.
53და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.
Next