თავი - 23
Previous1ადგა მთელი ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან.
2დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს.
3პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ.
4და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში.
5მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელს იუდეაში, გალილეადან მოყოლებული ვიდრე აქამდე.
6გალილეა რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: მაშ, ეს კაცი გალილეველია?
7როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თავადაც იერუსალიმში იყო.
8ხოლო ჰეროდემ ძალიან გაიხარა იესოს დანახვისას, ვინაიდან დიდი ხანია ეწადა მისი ხილვა, რადგანაც ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა, ეგებ რაიმე სასწაული მიჩვენოსო.
9ბევრი რამ გამოჰკითხა, მაგრამ იესომ არაფერი მიუგო.
10მღვდელმთავრები და მწიგნობრები კი იდგნენ და თავგამოდებით ბრალს სდებდნენ მას.
11ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო და მასხრად აიგდო იესო, შემოსა ბრწყინვალე სამოსით და უკანვე გაუგზავნა პილატეს.
12და იმ დღეს დამეგობრდნენ პილატე და ჰეროდე, ვინაიდან მანამდე ერთმანეთს მტრობდნენ.
13ხოლო პილატემ მოიწვია მღვდელმთავარნი, მთავარნი და ხალხი
14და უთხრა მათ: თქვენ მომიყვანეთ ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი, და, აჰა, მე თქვენთან ერთად გამოვიძიე, მაგრამ ვერ ვუპოვე ამ კაცს ვერცერთი დანაშაული, რასაც ბრალად სდებთ.
15და ვერც ჰეროდემ, ვინაიდან მასთან გავგზავნე; და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი უქნია მას.
16ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.
17რადგან სადღესასწაულოდ უთუოდ უნდა გაეთავისუფლებინათ ერთი პატიმარი.
18მაგრამ მთელი ხალხი აყვირდა: მოგვაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბა.
19ხოლო ეს ბარაბა საპყრობილეში იჯდა ქალაქში მომხდარი არეულობისა და მკვლელობის გამო.
20კვლავ აიმაღლა ხმა პილატემ, ვინაიდან იესოს გაშვება სურდა.
21მაგრამ ისინი ყვიროდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!
22პილატემ მესამედაც იკითხა: კი მაგრამ, რა დააშავა? ვერაფერი ვუპოვე სიკვდილით დასჯის ღირსი. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.
23მაგრამ ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ.
24და მათი თხოვნისამებრ განსაჯა პილატემ.
25გაუშვა ის, ვინც საპერობილეში იჯდა არეულობისა და მკვლელობის გამო, ხოლო იესო მისცა მათ ნებას.
26ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ.
27უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას.
28ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები.
29რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ.
30მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ;
31რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღას უზამენ ხმელს?
32მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც.
33და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.
34ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.
35ხალხი კი იდგა და უყურებდა. მათთან ერთად დასცინოდნენ წინამძღვრებიც და ამბობდნენ: სხვები იხსნა, და იხსნას ახლა თავისი თავი, თუკი ქრისტეა, ღმერთის რჩეული.
36ასევე დასცინოდნენ მეომრებიც, მიდიოდნენ, ძმარს აწვდიდნენ
37და ეუბნებოდნენ: თუ შენა ხარ იუდეველთა მეფე, იხსენი შენი თავი.
38იქვე იყო ბერძნული, ლათინური და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა: ეს არის იუდეველთა მეფე.
39ხოლო ერთი ჯვარცმუღი ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც.
40მეორე კი რისხავდა და ეუბნებოდა: ღმერთის მაინც არ გეშინია, რადგანაც მისებრ დასჯილი ხარ?
41ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია.
42და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში;
43ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.
44იყო ასე ექვსი საათი და წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე.
45დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.
46მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული.
47ხოლო ასისთავმა, რომელმაც დაინახა, რაც მოხდა, ადიდა ღმერთი და თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი მართალი იყო.
48სეირის საყურებლად მოსული მთელი ხალხი, რომელმაც იხილა ყველაფერი, რაც მოხდა, მკერდში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან.
49ხოლო ყველა მისი ნაცნობი და ქალები, გალილეიდან რომ მოჰყვებოდნენ იესოს, მოშორებით იდგნენ და უმზერდნენ ამას.
50და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი,
51რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის ქალაქ არიმათეის მკვიდრი,
52მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.
53ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.
54პარასკევი დღე იყო და თენდებოდა შაბათი.
55უკან მიჰყვნენ გალილეიდან იესოსთან ერთად მოსული ქალებიც და იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი გვამი.
56ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელოვანი საკმეველი და ნელსაცხებელი და, მცნებისამებრ, უქმად იყვნენ შაბათს.
Next