Eleos

Contents

თავი - 22

Previous
1ახლოვდებოდა უფუარობის დღესასწაული, რომელსაც ჰქვია პასექი.
2მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
3შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი.
4წავიდა და უთხრა მღვდელმთავრებსა და წინამძღვრებს, როგორ მიეცა მათთვის იესო.
5ხოლო მათ გაიხარეს და დათანხმდნენ, ვერცხლი მიეცათ მისთვის.
6ისიც შეჰპირდა და ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა, ხალხის დაუსწრებლად, მათთვის მიეცა იგი.
7დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი.
8გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა მათ: წადით და საჭმელად მოგვიმზადეთ პასექი.
9ხოლო მათ თქვეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ?
10და უთხრა მათ: აჰა, ქალაქში შესვლისთანავე შეგხვდებათ კაცი, რომელსაც დოქით მიაქვს წყალი; გაჰყევით იმ სახლამდე, რომელშიც შევა,
11და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გითვლის, სად არის დარბაზი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი?
12გიჩვენებთ ვრცელსა და გაწყობილ დარბაზს: იქ მოგვიმზადეთ.
13ისინი წავიდნენ და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი.
14როცა მოაწია დრომ, დაჯდა, და მოციქულებიც მასთან ერთად.
15უთხრა მათ: სურვილით მსურდა, ჩემს ვნებამდე თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი.
16რადგანაც გეუბნებით: აღარა ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმრთის სასუფეველში.
17აიღო სასმისი, მადლი შესწირა და თქვა: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის.
18რადგანაც გეუბნებით, რომ აღარ დავლევ ყურძნის ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოიწევა ღმრთის სასუფეველი.
19აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად.
20აგრეთვე სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის.
21და, აჰა, ხელი ჩემი გამცემისა ჩემთან ერთად სუფრაზე.
22თუმცა ძე კაცისა მიდის განგებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი.
23ხოლო მათ ერთმანეთში დაიწყეს გამოძიება, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის ამის ჩამდენი.
24დავობდნენ იმაზეც, თუ ვინ უფრო დიდად უნდა შერაცხილიყო მათში.
25ხოლო იესომ უთხრა მათ: ხალხთა მეფენი მბრძანებლობენ მათზე და კეთილისმყოფლებად იწოდებიან მათი მპყრობელნი.
26ხოლო თქვენ ნუ იქნებით ეგრე, არამედ უდიდესი თქვენს შორის იყოს როგორც უმცირესი, და წინამძღვარი - როგორც მსახური.
27რადგან ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის, თუ ვინც სუფრას ემსახურება? რა თქმა უნდა, ვინც სუფრას უზის; ხოლო მე ვარ თქვენს შორის როგორც მსახური.
28თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემს გვერდით მყოფნი.
29და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი.
30რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი.
31და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს.
32მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები.
33მან კი უთხრა იესოს: უფალო, მზადა ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და სასიკვდილოდაც;
34ხოლო მან თქვა: შენ გეუბნები, პეტრე, დღეს, მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ და იტყვი, რომ არ მიცნობ მე.
35და უთხრა მათ: როცა მე წარგგზავნეთ უფუთოდ, უაბგოდ და უხამლოდ, თუ გაკლდათ რამე? და მათ მიუგეს: არაფერი.
36კვლავ უთხრა მათ: ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი.
37რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულღგს ჩემზე ეს წერილი: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს უახლოვდება.
38მათ თქვეს: უფალო, აჰა, ორი მახვილი: ხოლო იესომ უთხრა მათ: საკმარისია.
39გამოვიდა და, ჩვეულებისამებრ, გაემართა ზეთისხილის მთისკენ; და მისდევდნენ მისი მოწაფეები.
40ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში.
41ხოლო თვითონ ქვის სასროლზე გასცილდა მათ, მუხლმოყრილი ლოცულობდა
42და ამბობდა: მამაო, თუ გნებავს, ამაცალე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი.
43და მოევლინა ანგელოზი ზეცით, რომელიც განამტკიცებდა მას.
44ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას.
45ილოცა, ადგა, მივიდა თავის მოწაფეებთან და მწუხარებისაგან ძილად მივარდნილი ჰპოვა ისინი,
46უთხრა მათ: რად გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში.
47სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, გამოჩნდა ხალხი, რომელსაც წინ მოუძღოდა ერთი თორმეტთაგანი, იუდად წოდებული, და საამბოროდ მიეახლა იესოს,
48ხოლო იესომ უთხრა მას: იუდა, მაშ, ამბორით გასცემ კაცის ძეს?
49როცა მასთან მყოფებმა დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი?
50ერთმა მათგანმა დაჰკრა ხმალი მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა.
51ხოლო იესომ თქვა: მოეშვით, კმარა; შეეხო მის ყურს და განკურნა იგი.
52ხოლო მის შესაპყრობად მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის წინამძღვრებსა და უხუცესებს იესომ უთხრა: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით;
53დღენიადაგ თქვენთან ვიყავი ტაძარში და ხელი არ აღგიმართავთ ჩემზე; მაგრამ ახლა თქვენია დრო და ბნელის მეუფება.
54შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მიიყვანეს მღვდელმთავრის სახლში, ხოლო პეტრე შორით მისდევდა.
55როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის ჩაჯდა.
56ერთმა მოახლემ დაინახა ცეცხლთან მჯდომარე, დააკვირდა და თქვა: ესეც მასთან იყო.
57მაგრამ მან უარყო და თქვა: ქალო, არ ვიცნობ მას.
58ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც ერთი მათგანი ხარ. ხოლო პეტრემ მიუგო: არა ვარ, კაცო.
59ასე, ერთი საათის შემდეგ, სხვა ვიღაცამაც დაიჟინა: ნამდვილად ესეც მას ახლდა, ვინაიდან გალილეველია.
60ხოლო პეტრემ მიუგო: არ ვიცი, რას ამბობ, კაცო. ამის თქმაც იყო და იყივლა მამალმა.
61მაშინ უფალი შემობრუნდა და შეხედა პეტრეს; გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო;
62გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
63ხოლო იესოს შემპყრობნი დასცინოდნენ და სცემდნენ მას;
64თავს უბურავდნენ, სახეში ურტყამდნენ და ეკითხებოდნენ: იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა შენ?
65და სხვასაც მრავალს ეტყოდნენ მისი მგმობელნი.
66ხოლო როდესაც ინათა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესნი, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, და თავიანთ სინედრიონში მიიყვანეს იგი;
67და თქვეს: გვითხარი, შენა ხარ თუ არა ქრისტე? უთხრა მათ: თუ გეტყვით, არ მერწმუნებით;
68ხოლო თუ გკითხავთ, არ მიპასუხებთ.
69ამიერიდან დაჯდება ძე კაცისა ღმრთის ძლიერების მარჯვნივ.
70და თქვა ყველამ: მაშ, შენ ხარ ძე ღმრთისა? მიუგო მათ: თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ.
71ხოლო მათ თქვეს: რაღად გვინდა მოწმობა? ვინაიდან თვითონვე მოვისმინეთ მაგისი პირით.
Next