თავი - 21
Previous1გაიხედა და დაინახა მდიდრები, შესაწირავს რომ ყრიდნენ საგანძურში.
2დაინახა ერთი საწყალი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო შიგ,
3და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო;
4ვინაიდან ყველამ ჩააგდო ის, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან თავისი სისაწყლით ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი.
5როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, პატიოსანი თვლებითა და შესაწირავებით შემკულიაო, მან თქვა:
6მოვლენ დღენი, როცა ყოველივე ამისაგან, რასაც ხედავთ, ქვა ქვაზედაც აღარ დარჩება, არამედ ყველაფერი დაინგრევა.
7ჰკითხეს: მოძღვარო, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს?
8ხოლო მან თქვა: ფხიზლად იყავით, რათა არ შეცდეთ; ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარ; და: მოახლოვდა ჟამი; ნუ შეუდგებით მათ კვალს.
9როდესაც გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე როდი დადგება აღსასრული.
10მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ;
11და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით.
12უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
20ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი.
21მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ მასში.
22ვინაიდან ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს მთელი წერილი.
23ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე.
24დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი.
25და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა.
26შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი.
27მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით.
28ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა.
29და უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც:
30როცა ფოთლები გამოაქვთ, შეხედავთ და იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.
31ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღმრთის სასუფეველი.
32ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
33ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
34ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ.
35რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ.
36მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.
37დღისით ტაძარში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა და ღამეს ათევდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა.
38და მთელი ხალხი დილაუთენია მიეშურებოდა მისკენ, ტაძარში, რათა მოესმინა მისთვის.
Next