Eleos

Contents

თავი - 20

Previous
1ერთ დღეს, როცა ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები უხუცესებთან ერთად.
2და უთხრეს: გვითხარი რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეგ ძალა?
3მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ და მიპასუხეთ:
4ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან?
5ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით - ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?
6ხოლო თუ ვიტყვით - კაცთაგანო, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სწამთ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.
7და მიუგეს: არ ვიცით, საიდან.
8ხოლო იესომ უთხრა მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.
9და უთხრა ხალხს ეს იგავი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი და მისცა იგი მევენახეებს, თვითონ კი დიდი ხნით გაემგზავრა.
10როდესაც დრომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მისთვის; მაგრამ მევენახეებმა სცემეს და ხელცარიელი გაისტუმრეს.
11ახლა სხვა მსახური გაგზავნა; ხოლო მევენახეებმა ისიც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს.
12და კვლავ გაგზავნა მესამეც; მათ კი დაჭრეს და გააგდეს იგი.
13მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: რა ვქნა? მოდი, გავგზავნი ჩემს საყვარელ ძეს, იქნებ მისი რიდი მაინც დაიდონო.
14მაგრამ როდესაც დაინახეს იგი, მევენახეებმა ბჭობა გამართეს და ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ და ჩვენ დაგვრჩება მისი სამკვიდრო.
15ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. მერედა, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
16მოვა და დახოცავს ამ მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. და ამისმა მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას!
17იესომ კი შეხედა მათ და თქვა: რას ნიშნავს ეს წერილი: ქვა, რომეღიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?
18ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.
19მღვდელმთავრები და მწიგნობრები შეეცადნენ მაშინვე ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.
20და თვალყურის სადევნებლად მიუჩინეს ცბიერი მზირნი, რომლებსაც მართლებად მოჰქონდათ თავი, რათა სიტყვით დაეგოთ მახე, და ამრიგად, მმართველობისა და მთავრის ხელმწიფებისათვის მიეცათ იგი.
21ჰკითხეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალს ამბობ და ასწავლი, და არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზას;
22გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?
23ხოლო იესომ შეიცნო მათი მზაკვრობა და უთხრა:
24მაჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.
25და უთხრა მათ: მაშ, მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა.
26ასე რომ, ვერ შესძლეს სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის ხალხის წინაშე და მისი პასუხით განცვიფრებულნი დადუმდნენ.
27მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც უარყოფდნენ მკვდრეთით აღდგომას, და ჰკითხეს:
28მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ჰყავდა ცოლი, მაგრამ არ დარჩა შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას თესლი.
29იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა.
30მოიყვანა მისი ცოლი მეორემ და ისიც უშვილოდ მოკვდა.
31ასევე მესამემაც, ვიდრე მეშვიდემდე, და შვიდივე უშვილოდ გადაეგო.
32ბოლოს კი ქალიც მოკვდა.
33მერედა, აღდგომისას ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.
34იესომ პასუხად მიუგო მათ: ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ ცოლს და თხოვდებიან;
35ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან;
36თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან.
37ხოლო მკვდარნი რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა მაყვლოვანთან, რაკიღა აბრაამის ღმერთს, ისააკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდებს უფალს.
38ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის.
39ზოგიერთმა მწიგნობარმა მიუგო და უთხრა: მოძღვარო, კარგად თქვი.
40და უკვე ვეღარ ბედავდნენ, რაიმე ეკითხათ მისთვის.
41უთხრა მათ: როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?
42ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
43ვიდრე ფერხთით დაგიმხობ შენს მტრებს.
44ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?
45ხოლო როცა მთელი ხალხი უსმენდა, თავის მოწაფეებს უთხრა:
46ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც ნებავთ გრძელი მოსასხამებით სიარული და უყვართ საკრებულოებში სალმის ძღვნა, სინაგოგებში - წინა რიგები და წვეულებებზე სუფრის თავში ჯდომა;
47რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობენ დიდხანს. მით უფრთ მძიმე იქნება მათი სასჯელი.
Next