Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1შევიდა იერიხონში და გაიარა ქალაქი.
2და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს, რომელიც იყო მებაჟეთა უფროსი,
3სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო;
4წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად, ვინაიდან იქ უნდა გაევლო.
5როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო.
6ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.
7ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო.
8ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ.
9უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა.
10რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა.
11ხოლო ისინი უსმენდნენ, და ერთი იგავიც მოაყოლა ამას, ვინაიდან იერუსალიმთან ახლოს იყო, და ეგონათ, ახლავე მოაწევს ღმრთის სასუფეველიო;
12ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო.
13დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო.
14მაგრამ მოქალაქეებს სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს კვალდაკვალ და დააბარეს: არ გვინდა, რომ ეგ მეფობდეს ჩვენზე.
15როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა ის მონები მიეგვარათ, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ მოიხმარა იგი.
16მოვიდა პირველი და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო.
17უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ; რაკი მცირედში სანდო იყავი, ათი ქალაქის მმართველობას მოგანდობ შენ.
18მოვიდა მეორე და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიგო.
19და უთხრა მასაც: ხოლო შენ ხუთ ქალაქს მოგანდობ.
20მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი,
21რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს.
22უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს.
23მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ?
24და უთხრა მის წინაშე მდგომთ: წაართვით მნა და მიეცით ათი მნის მქონეს.
25მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მნა აქვს.
26გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.
27ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ.
28ეს თქვა და დაადგა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას.
29როდესაც მიუახლოვდნენ ბეთბაგეს და ბეთანიას, რომელსაც ჰქვია ზეთისხილის მთა, გაგზავნა ორი მოწაფე,
30და უთხრა მათ: წადით თქვენს პირდაპირ მდებარე სოფელში და მასში შესვლისთანავე დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და აქ მომიყვანეთ.
31ხოლო თუ ვინმე გკითხავთ, რატომ ხსნითო, ასე მიუგეთ: უფალს სჭირდება-თქო.
32წარგზავნილები წავიდნენ და ნახეს, როგორც მან უთხრა.
33ჩოჩორს რომ ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა ჰკითხეს: რატომ ხსნით ჩოჩორს?
34ხოლო მათ უთხრეს: იმიტომ, რომ უფალს სჭირდებაო.
35მიჰგვარეს იგი იესოს, ზურგზე დაუფინეს სამოსი და ზედ შესვეს იგი.
36ხოლო როდესაც დაიძრა, გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსს.
37როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ.
38ასე ამბობდნენ: კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის სახელით! მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა!
39ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები.
40ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს.
41როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო,
42და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
43ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან;
44მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი.
45შევიდა ტაძარში და დაიწყო მყიდველ-გამყიდველთა გამოყრა.
46და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი ლოცვის სახლია, თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.
47იყო იქ და ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში; ხოლო მღვდეღმთავრებს, მწიგნობრებს და ერისმთავრებს მისი დაღუპვა სურდათ;
48მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ, ვინაიდან მთელი ხალხი მონუსხულივით უსმენდა მას.
Next