თავი - 18
Previous1უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა:
2იყო ერთ ქალაქში ერთი მსჯული, რომელსაც არ ეშინოდა ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა.
3იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი; მიდიოდა მასთან და სთხოვდა: ჩემი მომჩივნისაგან დამიცავიო.
4დიდხანს არ თანხმდებოდა. ბოლოს კი გულში თქვა: თუმცა არც ღმრთის შიში მაქვს და არც კაცისა მრცხვენია,
5მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რათა აქ აღარ მოვიდეს და მომასვენოს.
6თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?
7განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?
8გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?
9ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართალნი ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ:
10ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე.
11ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.
12ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.
13ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.
14გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
15მიჰგვარეს ბავშვები, რომ შეხებოდა მათ, ხოლო ამის შემყურე მოწაფეები ნებას არ რთავდნენ.
16მაგრამ იესომ მიიხმო ისინი და თქვა: მოუშვით ბავშვები და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.
17ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.
18ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?
19იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა.
20იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას?
21ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან.
22ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
23ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
24დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.
25ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.
26ამას გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?
27ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის.
28და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით.
29ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის,
30და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე.
31წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის;
32ვინაიდან მისცემენ წარმართთ და შეურაცხყოფენ, აგინებენ, აფურთხებენ,
33სცემენ და მოკლავენ მას, მესამე დღეს კი აღდგება იგი.
34მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი.
35ხოლო როდესაც იერიხონს მიუახლოვდა, ერთი ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა.
36ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა: რა ამბავია?
37უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო.
38მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე:
39წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე!
40იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა:
41რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო!
42იესომ უთხრა: გაახილე თვალი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა.
43მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი.
Next