Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა.
2იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში.
3და რაკი ღვინიო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო არა აქვთ.
4ხოლო იესომ მიუგო: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი.
5დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო.
6იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო.
7უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე.
8კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს.
9როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს.
10და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს.
11ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი. და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა.
12ამის შემდეგ ჩავიდა იესო კაპერნაუმს დედამისთან, თავის ძმებსა და მოწაფეებთან ერთად, და რამდენიმე დღე დარჩა იქ.
13ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და ავიდა იესო იერუსალიმს.
14ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი.
15დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები.
16მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს. სავაჭრო სახლად.
17მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: შენი სახლის შური მჭამს მე.
18მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა?
19ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.
20იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?
21მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს.
22ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც.
23იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა იწამა მისი სახელი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.
24მაგრამ თვით იესოს კი არ სწამდა მათი, ვინაიდან კარგად იცნობდა ყველას.
25და არ სჭირდებოდა ვისიმე მოწმობა ადამიანზე, ვინაიდან თვითონ იცოდა, რა იყო ადამიანში.
Next