Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1ისმინე, ისრაელო! შენ დღეს გადადიხარ იორდანეს, რომ წახვიდე და დაეპატრონო შენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს, დიდ და ცათამდე გამაგრებულ ქალაქებს,
2დიდსა და მაღალს ხალხს, ყანაკის მოდგმას, რომელიც იცი და რომელზეც გსმენია: ვინ დაუდგებათ წინ ყანაკის მოდგმას?
3ახლა იცოდე: უფალი, შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, მშთანთქმელი ცეცხლი. ის მოსპობს მათ, ის მოდრეკს მათ შენს წინაშე და შენც აჰყრი მათ და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა.
4არ თქვა შენს გულში, როცა დაიწყებს უფალი, შენი ღმერთი, მათ განდევნას: ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლადო. რადგან მათი სიბოროტის გამო აყარა შენგან ეს ხალხები უფალმა.
5შენი სიმართლისა და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი სიბოროტის გამო აყრის შენგან უფალი ამ ხალხებს, რომ შეასრულოს სიტყვა, რომელიც მისცა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს.
6იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ.
7გახსოვდეს, არ დაგავიწყდეს, რომ ბევრჯერ გაგირისხებია უფალი, შენი ღმერთი, უდაბნოში. ეგვიპტიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე, სულ მუდამ ექიშპებოდი უფალს.
8ხორებში განარისხეთ უფალი და გამწყრალმა თქვენი მოსპობა დააპირა.
9როცა მთაზე ავედი, რომ ჩამომეტანა ფიქალები, ფიქალები აღთქმისა, უფალმა რომ დაგიდოთ თქვენ, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი იქ, არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია.
10მომცა უფალმა ორი ფიქალი, ღვთიური თითებით წარწერილი. ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან თავშეყრის დღეს.
11ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის გასვლის შემდეგ მომცა უფალმა ორი ფიქალი, ფიქალები აღთქმისა.
12და მითხრა უფალმა: ადექი და სწრაფად წადი აქედან, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. მალევე გადაუხვიეს შენგან ნასწავლებ გზას - კერპი ჩამოისხეს.
13ასე მითხრა უფალმა: დავინახე, რომ ჯიუტი ყოფილა ეს ხალხი.
14დამანებე, მოვსპო ისინი და წარვხოცო მათი სახსენებელი ცისქვეშეთიდან. შენგან კი მასზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ხალხს შევქმნიო.
15პირი ვიბრუნე და მთიდან ჩამოვედი, მთა კი ცეცხლში იწვოდა. მე აღთქმის ორი ფიქალი მეჭირა ორთავე ხელში.
16დავინახე, რომ შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს: ოქროს ხბო ჩამოისხით, მალევე გადაუხვიეთ გზას, რომელიც უფალმა გასწავლათ.
17ავიღე და გავაგდე ხელიდან ორივე ფიქალი და თქვენს თვალწინ დავლეწე.
18დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, უსმელ-უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას.
19რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომელიც დაგატეხათ უფალმა თქვენს გასანადგურებლალ. ამჯერადაც მისმინა მე უფალმა.
20ძლიერ გაუწყრა აარონს, დაღუპვა უნდოდა მისი, და მე შევევედრე მაშინ აარონის გამოც.
21ავიღე თქვენი ნაცოდვარი - ხბო და ცეცხლში დავწვი. იმდენი ვნაყე, რომ მტვრად ვაქციე და მისი მტვერი მთიდან მომდინარე ღელეში ჩავყარე.
22აჯავრებდით უფალს თაბერაში, მასაში და კიბროთ-ჰათაავაში.
23როცა კადეშ-ბარნეადან გგზავნიდათ უფალი და გეუბნებოდათ: წადით, დაეპატრონეთ ქვეყანას, რომელიც მოგეცითო, თქვენ წინააღუდექით უფალს, თქვენს ღმერთს, არ ერწმუნეთ მას და არ ისმინეთ მისი სიტყვა.
24იმ დღიდან, რაც გიცნობთ, უჯანყდებით უფალს.
25დავემხე უფლის წინაშე და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რადგან თქვენი განადგურება გადაწყვიტა უფალმა.
26ვილოცე უფლის მიმართ და ვუთხარი: უფალო ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ერს და შენს სამკვიდროს, რომელიც გამოისყიდე შენი ძლევამოსილებით, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან მაგარი ხელით.
27გაიხსენე შენი მორჩილნი - აბრაამი, ისაკი და იაკობი. ნუ უყურებ ამ ხალხის სიჯიუტეს, მის სიბოროტეს და მის ცოდვებს,
28რომ არ თქვას ქვეყანამ, საიდანაც გამოგვიყვანე: ვერ შეიყვანა უფალმა ისინი იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰპირდებოდა მათ. მათდამი სიძულვილის გამო გაიყვანა, რომ უდაბნოში დაეხოცაო.
29შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც გამოიყვანე შენი დიდი ძალით და შენი შემართული მკლავით.
Next