Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1იზრუნეთ ყველა იმ მცნების შესასრულებლად, რომდებიც დღეს გიანდერძეთ, რომ ცოცხლები დარჩეთ, გამრავლდეთ, წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი.
2გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს.
3გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არც შენ და არც შენმა მამა-პაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი.
4აგერ ორმოცი წელია, რაც შესამოსელი არ დაგძველებია ტანზე და ფეხები არ დაგსივებია.
5შეიგნე, როგორც კაცი წვრთნის თავის შვილს, ასევე უფალი, შენი ღმერთია შენი გამწვრთნელი.
6შეასრულე უფლის, შენი ღმერთის მცნებები, იარე მის გზებზე და მისი გეშინოდეს.
7რადგან უფალს, შენს ღმერთს, მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში, ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და ბარად,
8ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში,
9ქვეყანაში, სადაც არ მოგაკლდება საჭმელი პური და არაფერი გაგიჭირდება, ქვეყანაში, რომელსაც რკინა აქვს ქვებად და რომლის მთებიდანაც რვალს გამოკვეთავ.
10შეჭამ და გაძღები, და დალოცავ უფალს, შენს ღმერთს, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა.
11ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, და მისი მცნებები, სამართალი და წესი, რასაც მე გიანდერძებთ დღეს,
12რომ, როცა შეჭამ და გაძღები, კარგ სახლებს აიშენებ და დაბინავდები,
13გაგიმრავლდვბა ცხვარ-ძროხა, უხვად გექნება ოქრო-ვერცხლი და ყოველი საქონელი,
14არ გამედიდურდე და არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, შენი გამომყვანი,
15რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის, მან კი სალი კლდიდან გადმოადინა წყალი.
16გკვებავდა უდაბნოში მანანით, რაც არ იცოდა თქვენმა მამა-პაპამ, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე შენივე სიკეთისთვის სამომავლოდ;
17რომ არ გეთქვა გულში: ჩემმა ძალამ და მკლავის ღონემ შემძინაო ეს დოვლათი.
18გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან ის გაძლევს სიმდიდრის შეძენის ძალას, რომ დღევანდელივით შეასრულოს აღთქმა, რომელიც ფიცით დაუდო შენს მამა-პაპას.
19თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, თუ გაჰყვები უცხო ღმერთვბს, თუ შეუდგები მათ სამსახურს და თაყვანისცემას, ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ არ აგცდებათ გადაშენება
20იმ ხალხებივით, რომლებიც გადააშენა უფალმა თქვენს თვალწინ, თქვენც გადაშენდებით იმის გამო, რომ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვას.
Next