Eleos

Contents

თავი - 7

Previous
1როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს - ხეთელებს, გირგაშელებს, ამორეველებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს - შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს,
2ხელში ჩაგაგდებინებს და შენც დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო.
3არ დაუმოყვრდე, არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად,
4რადგან ჩემი გზიდან ააცდენენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით.
5ასე მოექეცით მათ: დაუნგრიეთ სამსხვერპლოები, დაულეწეთ სვეტები, გაუჩეხეთ ხემხვივანები და ცეცხლში დაწვით მათი კერპები.
6რადგან წმიდა ერად ყავხარ უფალს, შენს ღმერთს. შენ აგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ჰყოლოდი უნჯ ერად ყველა ერს შორის, რომელიც კი არსებობს დედამიწის ზურგზე.
7იმის გამო კი არ მოგისურვა და გამოგარჩია უფალმა, რომ სხვა ხალხებზე მრავალრიცხოვანი იყავი, შენ ხომ ყველა ხალხზე მცირერიცხოვანი ხარ,
8არამედ იმის გამო, რომ უყვარდით უფალს და ინახავდა თქვენს მამა-პაპასთან დადებულ ფიცს. გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის ხელიდან.
9იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი მტკიცე ღმერთია, შემნახველი ათას თაობაში აღთქმისა და წყალობისა მის მოყვარულთათვის და მათთვის, ვინც დაიცავს მის მცნებებს.
10სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, მათი დამღუპველი უყოყმანოდ. არ დაახანებს, უყოყმანოდ მიუზღავს სამაგიეროს თავის მოძულეებს.
11დაიცავი მცნებები, წესი და სამართალი, რომლის შესრულებასაც გავალებ დღეს.
12თუ შეისმენთ ამ სამართალს, შეინახავთ და შეასრულებთ მას, უფალი, თქვენი ღმერთიც შეგინახავთ აღთქმას და წყალობს, რაც შეჰფიცა თქვენს მამა-პაპას.
13შეგიყვარებს, დაგლოცავს, გამრავლებს და გიკურთხებს შენი მუცლის ნაყოფს, შენი მიწის ნაყოფს, პურს, ღვინოს და ზეთს, საქონლის ნამატს და ცხვრის მონაგებს იმ მიწაზე, რომელიც შენთვის მისაცემად აღუთქვა შენს მამა-პაპას.
14კურთხეული იქნები ყველა ხალხზე უფრო, არ იქნება შენში და არც შენს საქონელში ბერწი და უნაყოფო.
15აგაშორებს უფალი ყოველგვარ სნეულებას, არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
16შენ შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. ნუ შეიწყალებს მათ შენი თვალი. არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს, რადგან ხაფანგი იქნება ეს შენთვის.
17თუ იტყვი გულში: ჩემზე ბევრნი არიან ეს ხალხები, როგორ შევძლებო მათ განდევნას?
18ნუ შეგეშინდება მათი, გაიხსენე, რა გაუკეთა უფალმა, შენმა ღმერთმა ფარაონს და მთელს ეგვიპტეს -
19დიდი განსაცდელნი, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ნიშნები და სასწაულები, მაგარი ხელი და შემართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა. ასე უყოფს უფალი, შენი ღმერთი ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.
20კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ გაანადგურებს ყველას, ვინც გადაგირჩება და დაგემალება.
21ნუ უფრთხი მათ, რადგან უფალი, შენი ღმერთია, შენს შორის, დიადი და საშინელი ღმერთი.
22თანდათანობით მოგაშორებს უფალი, შენი ღმერთი ამ ხალხებს. მალე არ უნდა გადააშენო ისინი, რომ არ იმრავლონ შენზე ველის მხეცებმა.
23დაყრის მათ შენს წინაშე, მაგრად შეარყევს მათ და განადგურდებიან.
24ხელში ჩაგაგდებინებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახენებელს.
25ცეცხლში დასწვით მათი ღმერთების ქანდაკები, ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აქვთ. ნუ წაიღებ, რომ ხაფანგად არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.
26არ შეიტანო სისაძაგლე შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. გეზიზღებოდეს და გძაგდეს, რადგან დარისხებულია იგი.
Next