Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1აი, მცნება, წესი და სამართალი, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, და გასწავლათ მათი შესრულება იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ;
2რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთისა, რომ დაიცვა ყოველი მისი წესი და მცნება, რომელსაც გიცხადებ შენ, შენს შვილებს და შენს შვილთაშვილებს, შენს სიცოცხლეში, რომ დღეგრძელი იყო.
3ისმინე, ისრაელო, და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში, სადაც ღვარად დის რძე და თაფლი, როგორც აღგითქვა უფალმა, შენი მამა-პაპის ღმერთმა.
4ისმინე, ისრაელო! ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი.
5გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით.
6გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე.
7ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
8შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე.
9წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს.
10და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამო ეფიცებოდა აბრაამს, ისაკს და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდი და მშვენიერი ქალაქებითურთ, რომლებიც შენ არ აგიშენებია,
11ყოველნაირი დოვლათით ავსებული სახლებითურთ, რომლებიც შენ არ აგივსია, ამოთხრილი ჭებითურთ, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც შენ არ გაგიშენებია, და შენც შეჭამ და გაძღები,
12ფრთხილად იყავი, რომ არ დაგავიწყდეს უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
13უფლის, შენი ღმერთის, გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე.
14ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.
15რადგან შურისმაძიებელი ღმერთია თქვენში უფალი, არ აღიგზნოს უფლის, თქვენი ღმერთის რისხვა თქვენზე და არ წარგხოცოთ მიწის პირისაგან.
16ნუ გამოცდით უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც გამოცადეთ იგი მასაში.
17დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებები, მოწმობანი და წესები, რომლებიც გამოცხადებული მაქვს თქვენთვის.
18სწორად და კეთილად მოიქეცი უფლის თვალში, რომ კეთილად იყო, რომ მიაღწიოთ და დაიმკვიდრო მადლიანი ქვეყანა, რომელიც აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას.
19რომ მოგაცილოს ყველა შენი მტერი, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
20თუ შეგეკითხება ხვალ შენი შვილი: რა არის ეს მოწმობანი, მცნებები, წესები და სამართალი, რომელიც გამოგიცხადათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმაო,
21მიუგე შენს შვილს: ფარაონის ყმები ვიყავით-თქო ეგვიპტეში და მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან.
22მოუვლინა-თქო უფალმა საშინელი ნიშნები და სასწაულები ეგვიპტეს, ფარაონს და მთელს მის სახლს, ჩვენს თვალწინ.
23ჩვენ კი გამოგვიყვანა-თქო იქიდან, რომ აქ მოვეყვანეთ და მოეცა ჩვენთვის ეს ქვეყანა, რომელიც აღუთქვა ჩვენს მამა-პაპას.
24გვიბრძანა უფალმა ყველა ამ წესის შესრულება და უფლის, ჩვენი ღმერთის შიში, რომ კარგად ვიყოთ მთელი სიცოცხლე, რომ ცოცხალნი დავრჩეთ, როგორც ახლა ვართ.
25ჩვენი იქნება სიმართლე, თუ შევასრულებთ ყველა იმ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც უბრძანებია ჩვენთვის.
Next