Eleos

Contents

თავი - 10

Previous
1მითხრა უფალმა იმჟამად: გამოთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, ამოდი ჩემთან მთაზე და გაიკეთე ხის კიდობანი.
2მე წავაწერ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირვანდელ დაფებზე, შენ რომ დალეწე. ჩააწყვე ისინი კიდობანში.
3მეც გავაკეთე ურთხელის კიდობანი, გამოვთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. ხელში ეს ორი ფიქალი მეჭირა.
4მაშინდელივით წააწერა ფიქალებზე ათი სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან, თავშეყრის დღეს, და მომცა ისინი უფალმა.
5პირი ვიბრუნე და ჩამოვედი მთიდან, ჩავაწყვე ფიქალები ჩემს გაკეთებულ კიდობანში და ეწყო იქ, როგორც მიბრძანა უფალმა.
6ისრაელიანები კი გაემგზავრნენ იაყაკანიანთა ბეეროთიდან მოსერისკენ, იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა. მის ნაცვლად მისი ძე ელეაზარი გახდა მღვდელი.
7იქიდან გუდგოდისკენ გაემგზავრნენ, გუდგოდიდან იოტბათისკენ, ნაკადულების ქვეყანაში.
8იმჟამად გამოაცალკევა უფალმა ლევიანთა შტო, რომ ეტარებინათ უფლის აღთქმის კიდობანი, მდგარიყვნენ უფლის წინაშე, ემსახურათ მისთვის და ეკურთხებინათ მისი სახელით, როგორც დღევანდლამდეა.
9ამიტომაც არა აქვთ ლევიანებს წილი და სამკვიდრო თავის მოძმეებთან. თავად უფალია მათი სამკვიდრო, როგორც უთხრა მას უფალმა, შენმა ღმერთმა.
10მე დავრჩი მთაზე მაშინდელივით ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ამჯერადაც მისმინა მე უფალმა - არ ინება უფალმა შენი დაღუპვა.
11მითხრა უფალმა: ადექ და წაუძეღი ერს, წავიდნენ და დაიმკვიდრონ ქვეყანა, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამა-პაპას.
12აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.
13დაიცვა უფლის მცნებები და წესები, რომელთაც გამცნებ დღეს შენს სასიკეთოდ.
14აჰა, უფლის, შენი ღვთისაა ცანი და ცანი ცათანი, ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასშია.
15მაგრამ მხოლოდ შენი მამა-პაპა შეივრდომა სიყვარულით და გამოგარჩიათ თქვენ, მათი მოდგმა, ყველა ხალხიდან, როგორც დღეს.
16დაიცვითეთ თქვენი გულის ჩუჩა და ნუღარ იქნებით ქედმაღლები,
17რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს.
18იგი უჩენს სამართალს ქვრივსა და ობოლს, უყვარს მდგმური და აძლევს მას პურს და შესამოსელს.
19გიყვარდეთ მდგმური, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
20უფლის, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე, მისი სახელით დაიფიცე.
21ის არის შენი სადიდებელი, ის არის შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის დიადი და საშინელი საქმეები, შენი თვალით რომ გაქვს ნანახი.
22სამოცდაათი სული ჩავიდა შენი მამა-პაპა ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი უქცევიხარ უფალს, შენს ღმერთს.
Next