თავი - 3
Previous1გავბრუნდით და გავყევით ბაშანის გზას. გამოვიდა ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ხალხით ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად.
2მითხრა უფალმა: ნუ გეშინია მისი, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას, მთელს მის ხალხს და მის ქვეყანას. იმგვარადვე მოექცევი მას, როგორც მოექეცი სიხონ ამორეველ მეფეს, რომელიც ხეშბონში იჯდა.
3ჩაგვაგდებინა ხელში უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ყოგიც, ბაშანის მეფე, მთელი მისი ხალხითურთ, და ჩვენც დავამარცხეთ იგი, ისე რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი.
4მაშინ ავიღეთ ყველა მისი ქალაქი. არ შეგვხვედრია ქალაქი, რომ არ წაგვერთმია მათთვის - სამოცი ქალაქი, არგობის მთელი მხარე, ყოგის სამეფო ბაშანში,
5ყველა ეს ქალაქი, მაღალი გალავნით მოზღუდული, კარიბჭეებიანი და ურდულებიანი, გარდა უამრავი უგალავნო ქალაქისა.
6გავანადგურეთ ისინი, როგორც მოვექეცით სიხონს, ხეშბონის მეფეს, როცა გავუნადგურეთ ყველა ქალაქი - მამრი, დედრი და ბავშვი.
7მთელი საქონელი და ნადავლი წამოვასხით ქალაქებიდან.
8წავართვით მაშინ ქვეყანა ორ ამორეველ მეფეს იორდანეს გაღმა - არნკანის ხევიდან ხერმონის მთამდე.
9(სიდონელები ხერმონს სირიონს უწოდებენ, ამორეველები კი - სენირს),
10ბარის ყველა ქალაქი, მთელი გალაადი და მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეიმდე - ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში.
11რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბაში: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე - ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა.
12ეს ქვეყანა დავისაკუთრეთ მაშინ. არნონის ხევზე მდებარე ყაროყერიდან გალაადის მთის ნახევარი თავის ქალაქებიანად რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი.
13დანარჩენი გალაადი და მთელი ბაშანი, ყოგის სამეფო, მენაშეს ნახევარ შტოს მივეცი, არგობის მთელი მხარე, ბაშანში შემავალი, რომელსაც რეფაიმების ქვეყანა ეწოდება.
14იაირმა, მენაშეს ძემ, აიღო არგობის მთელი მხარე გეშურელთა და მაახათელთა საზღვრამდე. უწოდა თავისი სახელი ბაშანს - იაირის სოფლები და ასე ეწოდება დღემდე.
15მაქირს გალაადი მივეცი.
16რეუბენიანებს და გადიანებს მივეცი მიწა გალაადიდან არნონის ხევამდე, ხევის შუაწელამდე და საზღვრამდე, იაკობის ხევამდე, ყამონელთა საზღვრამდე,
17ყარაბა და იორდანე საზღვრად, ქინერეთიდან ყარაბას ზღვამდე, მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე აღმოსავლეთით.
18ასე გიბრძანეთ მაშინ: უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად; დარაზმულნი წარუძეღით წინ თქვენს ძმებს, ისრაელიანებს, ვინც- გულადები ხართ.
19მხოლოდ ქალები და ბავშვები და საქონელი (ვიცი, რომ ბევრი საქონელი გყავთ) დასტოვეთ ქალაქებში, რომლებიც თქვენთვის მომიცია.
20ვიდრე უფალი თქვენსავით არ დააბინავებს თქვენს ძმებსაც და ისინიც არ დაიმკვიდრებენ ქვეყანას, რომელსაც მისცემს მათ უფალი, მათი ღმერთი, იორდანეს გაღმა. მერე დაბრუნდებით ყველანი თავ-თავის სამკვიდროში, რომელიც მოცემული მაქვს თქვენთვის.
21იესოს ასე ვუბრძანე მაშინ: საკუთარი თვალით გაქვს დანახული, რა დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს. ამასვე დამართებს ყველა სამეფოს, სადაც კი გაივლით.
22ნუ გეშინიათ მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის.
23ასე ვილოცე მაშინ უფლის მიმართ:
24უფალო, ჩემო პატრონო! შენ დაუწყე შენს მორჩილს შენი სიდიადისა და მაგარი ხელის ჩვენება; რომელი ღმერთია ცად და მიწად, რომ სჩადიოდეს ისეთ საგმირო საქმეებს, როგორსაც შენ სჩადიხარ?
25გადავიდოდი და ვიხილავდი ამ მადლიან ქვეყანას, იორდანეს გაღმა რომ არის, ამ მთას და ლიბანს.
26განმირისხდა უფალი თქვენს გამო და არ მისმინა. მითხრა უფალმა: გეკმაროს. მეტს ნუღარ დამელაპარაკებიო ამ საქმეზე.
27ადი ფისგას წვერზე, გაიხედე დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, შენი თვალით დაინახე, რადგან ვერ გადახვალო ამ იორდანეს გაღმა.
28უბრძანე იესოს და გაამხნევე, განამტკიცე იგი, რადგან ის გადაუძღვება ამ ხალხს, ის დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც უყურებ.
29დავდექით ველზე, ბეთ-ფეღორის გასწვრივ.
Next