თავი - 4
Previous1ახლა ისმინე, ისრაელო, წესი და სამართალი რომელსაც გასწავლი, რათა გადარჩეთ და წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ.
2ნურაფერს შემატებთ ჩემს ნაანდერძევს თქვენდამი და ნურც მოაკლებთ, არამედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის მცნებები, რომელთაც გიცხადებთ მე.
3თქვენი თვალით გაქვთ ნანახი, რა მოიმოქმედა უფალმა ბაალ-ფეღორის გამო, როცა გაწყვიტა შენი წიაღიდან ყოველი კაცი, ვინც აჰყვა ბაალ-ფეღორს.
4თქვენ კი, რომლებიც მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, ყველანი ცოცხლები ხართ დღესდღეობით.
5იცოდე, მე გასწავლეთ თქვენ წესი და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რომ სწორად მოიქცეთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
6დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ეს არის თქვენი სიბრძნე და გონიერება იმ ხალხების წინაშე, რომლებიც ყურს მოჰკრავენ ამ წესებს და იტყვიან: აჰა, ბრძენი და გონიერი ხალხია ეს დიდი ერი.
7რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ასე ახლოს იყვნენ ღმერთები, როგორც უფალი, ჩვენი ღმერთია, როცა კი ვუხმობთ მას?
8რომელი დიდთ ერია, რომელსაც ჰქონდეს ასეთი წესები და სწორი სამართალი, როგორც მთელი ეს რჯულია, დღეს რომ გაძლევთ.
9ოღონდ გაფრთხილდი და გულისყურით იყავი, რომ არ დაგავიწყდეს შენი თვალით ნანახი საქმეები, და ვიდრე ცოცხალი ხარ, გულიდან არ ამოგივარდეს. აცოდინე შენს შვილებს და შვილთაშვილებს
10ის დღე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე იდექი ხორებში და მე მეუბნებოდა უფალი: შემიკრიბე ხალხი და ჩავასმენ სიტყვებს, საიდანაც ისწავლიან ჩემდამი შიშს, ვიდრე ცოცხლობენ ამ მიწაზე, და თავიანთ შვილებსაც ასწავლიანო.
11თქვენც მიუახლოვდით და მთის ძირას დადქით. მთას ცეცხლის ალი ასდიოდა ცის გულამდე. იდგა წყვდიადი, ღრუბელი და ნისლი.
12გელაპარაკებოდათ უფალი ცეცხლიდან. ლაპარაკის ხმა კი გესმოდათ, მაგრამ სახეს ვერ ხედავდით, მხოლოდ ხმა ისმოდა.
13გამოგიცხადათ თავისი აღთქმა, რომლის შესრულეს გიბრძანათ. ათი მცნება დაგიწერათ ორ ფიქალზე.
14მე მიბრძანა მაშინ უფალმა მესწავლებინა თქვენთვის წესი და სამართალი, რათა შეასრულოთ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
15ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან,
16რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება,
17რაიმე ცხოვვლის გამოსახულება, რაც დედამიწაზეა, რაიმე ფრინველის გამოსახულება, ცაში რაც დაფრინავს,
18მიწაში ქვემძრომის გამოსახულება, რაიმე თევზის გამოსახულება, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
19რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში.
20აგიყვანათ უფალმა და გამოგარიდათ რკინის ღუმელს - ეგვიპტეს, რომ ყოფილიყავით მისი სამკვიდრო ერი, როგორც დღესა ხართ.
21უფალი გამირისხდა თქვენს გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავალ იორდანეს გაღმა, ვერ შევალ მადლიან ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
22რადგან ამ ქვეყანაში მოვკვდები მე, ვერ გადავალ იორდანეს. თქვენ კი გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ მადლიან ქვეყანას.
23ფრთხილად იყავით, რომ არ დაგავიწყდეთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, რომ არ გაიკეთოთ კერპი, რაიმე გამოსახულება, როგორც უფალმა, შენმა ღმერთმა გიბრძანა,
24რადგან მშთანთქმელი ცეცხლია უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთია.
25თუ გეყოლა შვილები და შვილთაშვილები, შეაბერდი ამ ქვეყანას, გაირყვენი და გაიკეთე კერპი, რაიმე გამოსახულება, უკეთურად მოიქეცი უფლის შენი ღმერთის თვალში და გააჯავრე იგი,
26ცასა და მიწას ვიმოწმებ თქვენს წინაშე, რომ მალე გადაშენდებით იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს. დიდხანს ვერ დაჰყოფთ იქ, უეჭველად განადგურდებით.
27გაგფანტავთ უფალი ერებში და მცირენი-ღა დარჩებით ხალხთა შორის, სადაც მიგიყვანთ თქვენ უფალი.
28დაუწყებთ იქ თაყვანისცემას ადამიანის ხელით ნაკეთებ ღმერთებს, ხესა და ქვას, რომლებიც ვერაფერს ხედავენ, არაფერი ესმით, არაფერს სჭამენ, ვერაფერს ყნოსავენ.
29როცა დაუწყებ იქიდან ძებნას უფალს, შენს ღმერთს, იპოვნი მას, თუკი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით ეძიებ.
30როცა გაგიჭირდება და ყოველივე ეს გეწევა მომავალში, მიიქცევი უფლისაკენ, შენი ღმერთისაკენ, და გაიგონებ მის ხმას,
31რადგან მოწყალე ღმერთია უფალი, შენი ღმერთი, არ მიგატოვებს, არ დაგღუპავს და არ დაივიწყებს შენს მამა-პაპასთან ფიცით დადებულ აღთქმას.
32აბა შეეკითხე გარდასულ დღეებს, შენამდე რომ იყო, იმ დღიდან, რაც შექმნა ღმერთმა კაცი ქვეყანაზე, ცის კიდიდან კიდემდე: თუ მომხდარა ასეთი დიადი საქმე ან მსგავსი რამ თუ სმენილა ოდესმე?
33თუ უსმენია რომელიმე ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღვთის ხმა, როგორც შენ ისმინე და ცოცხალი დარჩი.
34ან თუ გაბედავდა რომელიმე ღმერთი, წასულიყო და გამოეყვანა ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებით, სასწაულებით, ბრძოლით, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, დიდი ზარისტეხით, როგორც მოიმოქმედა თქვენთვის უფალმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ?
35შენ გახილვინა ეს იმის საცოდნელად, რომ ღმერთია უფალი, რომ სხვა არავინ არის მის გარდა.
36ციდან გასმინა თავისი ხმა, რომ განესწავლე და ქვეყანაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შენც მოისმინე მისი სიტყვები ცეცხლის შუაგულიდან.
37რაკი შეიყვარა შენი მამა-პაპა, კიდეც გამოარჩია მისი შთამომავლობა და თავად გამოგიყვანა დიადი ძალით ეგვიპტიდან,
38რომ აეყარა შენს წინაშე შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, მოეყვანე და მოეცა შენთვის მათი ქვეყანა სამკვიდროდ, როგორც დღესა გაქვს.
39ახლა შეიგნე და გულს ჩაიბეჭდე, რომ უფალი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა მიწაზე. სხვა არ არის.
40დაიცავი მისი წესები და ბრძანებები, რომელსაც დღეს გიცხადებ, რომ კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, რომ დიდხანს გაძლო ამ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ.
41მაშინ გამოჰყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით.
42რომ შეეძლოს იქ გაქცევა მკვლელს, რომელსაც შემოაკვდება თავისი ახლობელი, ვისი სიძულვილიც არ ჰქონია არც გუშინ და არც გუშინწინ, გაიქცეს ერთ-ერთში ამ ქალაქთაგან და გადარჩეს:
43ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე - რეუბენიანთათვის; რამოთი გალაადში - გადიანთათვის; გოლანი ბაშანში - მენაშეანთათვის.
44ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელიანებს.
45ესენია მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,
46იორდანეს გაღმა, ველზე ბეთ-ფეღორის გასწვრივ ხეშბონში მჯდარი სიხონ ამორეველთა მეფის ქვეყანიში. რომელიც დაამარცხეს მოსემ და ისრაელიანებძა ეგვიპტიდან გამოსვლისას.
47დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა და ყოგის, ბაშანის მეფის ქვეყანა, ორი ამორეველი მეფისა, იორდანეს გაღმა რომ იყვნენ, მზის აღმოსავლეთით,
48ყაროყერიდან, არნონის ხევზე რომ მდებარეობს, სიონის მთამდე ანუ ხერმონამდე,
49მთელი ყარაბა იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით, და ყარაბას ზღვამდე, ფისგას მთის ძირას.
Next