Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1გავბრუნდით და გავწიეთ უდაბნოსკენ მეწამული ზღვის გზით, როგორც მითხრა უფალმა. დიდხანს ვუარეთ სეყირის მთას.
2ასე მითხრა უფალმა:
3გეყოფათ ამ მთის შემოვლა. ჩრდილოეთისკენ გაბრუნდით.
4ასე დაარიგე ხალხი: ახლა თქვენი ნათესავების, ესავიანთა, სეყირის მკვიდრთა საზღვარზე მოგიწევთ გავლა. მათ შეეშინდებათ თქვენი, თქვენ კი ძალზე ფრთხილად იყავით.
5ნუ წაეკიდებით მათ, რადგან ფეხის ერთ დაბიჯებასაც არ მოგცემთ მათი ქვეყნიდან, რადგან ესავს მივეცი სამკვიდროდ სეყირის მთა.
6საჭმელი შეიძინეთ მათგან ვერცხლით და ჭამეთ, წყალიც იყიდეთ მათგან ვერცხლით და სვით.
7რადგან უფალმა, შენმა ღმერთმა, გაკურთხა ყველა საქმეში, უწყოდა შენი გზა-სავალი ამ დიდ უდაბნოში. ეს ორმოცი წელიწადი შენთან არის უფალი და არაფერი მოგკლებია.
8ჩავუარეთ ჩვენს ნათესავებს, ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, ყორაბას გზით, ელათიდან და ელიონ-გაბერიდან. მერე გავბრუნდით და მოაბის უდაბნოს გზას დავადექით.
9მითხრა უფალმა: ნუ გადაემტერები მოაბს და ნუ გამართავ ომს, რადგან არ მომიცია თქვენთვის სამკვიდრო მათი ქვეყნიდან, რადგან ყარი ლოტის შთამომავლებს მივეცი სამკვიდროდ.
10ადრე იქ ემიელები ცხოვრობდნენ - დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი ყანაკელებთა მსგავსად.
11რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინიც. ისევე როგორც ყანაკელები, მაგრამ მოაბელები ემიელებს უწოდებდნენ მათ.
12წინათ სეყირში ხორიელები ცხოვრობდნენ, მაგრამ ესავიანებმა აჰყარეს ისინი და გადააშენეს და დამკვიდრდნენ მათ ნაცვლად, როგორც მოექცა ისრაელი თავის სამკვიდრებელ ქვეყანას, რომელიც მისცა მას უფალმა.
13ახლა ადექით და გადადით ზარედის ხევს. ჩვენც გადავედით ზარედის ხევს.
14ოცდათვრამეტი წელი მოეუნდით კადეშ-ბარნეადან ზარედის ხევამდე მისვლას და ამასობაში გაწყდა ბანაკში მებრძოლთა მთელი თაობა, როგორც დაფიცებული ჰქონდა მათთვის უფალს.
15უფლის ხელიც იყო მათზე, რომ სრულებით გამწყდარიყვნენ ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ.
16როცა მთლიანად გაწყდნენ მებრძოლები ერში,
17ასე მელაპარაკა მე უფალი:
18ახლა შენ გადიხარ მოაბის საზღვრებიდან, ქალაქ ყართან,
19და უახლოედები ყამონელთა ადგილებს. ნუ უმტრობთ მათ და ნუ წაეკიდებით, რადგან არ გაძლევ ყამონელთა ქვეყნის ადგილებს სამკვიდროდ, რადგან ლოტიანთათვის მაქვს მიცემული სამკვიდროდ.
20ისიც რეფაიმთა ქვეყნად ითვლება, წინათ რეფაიმები ცხოვრობდნენ იქ. ამონელნი კი ზამ-ზუმიელებს უწოდებენ მათ.
21დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი იყო ყანაკელებივით. გაწყვიტა ისინი უფალმა მათ წინაშე. აჰყარეს ისინი და მათ ადგილას დასახლდნენ.
22ასევე უყო ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, რომელთ წინაშეც გაწყვიტა ხორიელები. აჰყარეს ისინი და დღემდე მათ ადგილას ცხოვრობენ.
23გაწყვიტეს ყავიელები, რომლებიც ცხოვრობდნენ დაბებში დაზამდე, ქაფთორელები, რომლებიც ქაფთორიდან გამოვიდნენ, და დასახლდნენ მათ ადგილას.
24ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. იცოდე, შენს ხელთ ჩამიგდია სიხონი, ეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა. დაიწყე დამკვიდრება. ბრძოლა გაუმართე მას.
25დღეიდან შიშსა და ძრწოლას მოვგვრი თქვენით ხალხებს ცისქვეშეთში. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, შიშის ზარი დაეცემა ყველას.
26გავუგზავნე მოციქულები კედემოთის უდაბნოდან სიხონს, ხეშბონის მეფეს და დავაბარე სათქმელად სამშვიდობო სიტყვები.
27გამატარე შენს ქვეყანაზე, მხოლოდ გზებზე ვივლი, არც მარჯვნივ გადავუხვევ, არც მარცხნივ-მეთქი.
28საჭმელი მომყიდე ვერცხლზე და შევჭამ, წყალიც ვერცხლზე მომეცი და დავლევ. მხოლოდ ჩემი ფეხით გავივლი-მეთქი;
29ისევე, როგორც მომექცნენ ესავიანები, სეყირის მკვიდრნი, და მოაბელები, ყარის მკვიდრნი, ვიდრე იორდანეს გაღმა გავიდოდე იმ ქვეყანაში, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.
30მაგრამ არ გაგვატარა სიხონმა, ხეშბონის მეფემ, რადგან გაუსასტიკა სული უფალმა, შენმა ღმერთმა, და გული გაუქვავა, რომ თქვენს ხელში ჩაეგდო იგი, როგორც დღეს ხედავ.
31მითხრა უფალმა: იცოდე, უკვე დავიწყე სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემა: შეუდექი მისი ქვეყნის დასაკუთრებას.
32გამოვიდა სიხონი მთელი თავისი ხალხით იაჰცაში ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად.
33ხელში ჩაგვაგდებინა იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და ჩვენც დავამარცხეთ იგი, მისი შვილები და მთელი მისი ხალხი.
34მაშინ დავიპყარით მისი ყველა ქალაქი, ავაოხრეთ ქალაქები და გავწყვიტეთ მცხოვრებნი დიდიან-პატარიანა. არავინ დაგვიტოვებია ცოცხალი.
35ოღონდ საქონელი წამოვასხით და სხვა ნადავლიც წამოვიღეთ დაპყრობილი ქალაქებიდან.
36ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევზე მდებარერს, და ხეობის ქალაქიდან გალაადამდე არ შეგვხვედრია ქალაქი, მიუდგომელი რომ ყოფილიყო ჩვენთვის. ყველაფერი მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
37ოღონდ არ მიდგომიხარ ყამონიანთა ქვეყანას, იაკობის ხევის ნაპირებს, მთის ქალაქებს და ყველა იმ ადგილს, რომლის აღებაც აგვიკრძალა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
Next