თავი - 1
Previous1აი, სიტყვები, რომლებიც გამოუცხადა მოსემ მთელს ისრაელს იორდანეს გაღმა უდაბნოში, ვაკეზე, სუფის გასწვრივ, ფარანს, თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა და დი-ზაჰაბს შორის,
2ხორებიდან თერთმეტი დღის სავალზე, სეყირის მთიდან კადეშ-ბარნეასკენ მიმავალ გზაზე.
3მეორმოცე წელს, მეთერთმეტე თვის პირველ დღეს იყო, რომ გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ყველაფერი, რაც მათთვის სათქმელად უბრძანა უფალმა,
4ხეშბონში მჯდარი სიხონ ამორეველთა მეფის და აშთაროთში, ედრეიში, მჯდარი ბაშანის მეფის, ყოგის, მოკვლის შემდეგ.
5იორდანეს გაღმა მოაბის მხარეში დაიწყო მოსემ ამ რჯულის განმარტება და თქვა:
6უფალი, ჩვენი ღმერთი გველაპარაკა ხორებში და გვითხრა: გეყოფათ, ამ მთაზე ცხოვრება!
7გაბრუნდით და მოედეთ ამორეველთა მთას და მათი მეზობლების ქვეყნებს, მთასა და ბარს, დაბლობს, სამხრეთის ზღვის სანაპიროს, ქანაანელთა ქვეყანას და ლიბანს დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე.
8აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა. წადით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მათ მოდგმას.
9ასე გითხარით თქვენ იმჟამად: მე მარტოს არ შემიძლია თქვენი ტარება.
10უფალი, თქვენი ღმერთი, გაგამრავლებთ-მეთქი და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით ურიცხვნი ხართ დღეს.
11უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, კიდევ ათასჯერ გამრავლოთ, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც უთქვამს თქვენთვის.
12მე მარტომ როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი, თქვენი ტვირთი და თქვენი უთანხმოებანი?
13ამოირჩიეთ თითოეული შტოდან ბრძენი, გაგებული და გამოცდილი კაცები და თავკაცებად დაგიყენებთ-მეთქი.
14პასუხად მომიგეთ: კარგ საქმეს გვეუბნები გასაკეთებლად.
15ავიყვანე შტოთა თავკაცები - ბრძენი, გაგებული და გამოცდილი კაცები და დაგიდგინეთ თითოეულ შტოს მეთაურებად - ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, თქვენს შტოთა მიხედვით.
16მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს მოძმეებს და საჯეთ სამართალი ერთმანეთს შორის მათსა და მათ მდგმურს შორის.
17მიკერძოებული ნუ იქნები სასამართღაოზე, ერთნაირად მოუსმინეთ მცირეს და დიდს, ნუ შეგეშინდებათ კაცისა, რადგან საღვთო საქმეა სამართალი. თუ საქმე გეძნელათ, მე მომახსენეთ და მოვისმენ.
18იმჟამადვე გამცნეთ ყველაფერი, რაც უნდა შეგესრულებინათ.
19გავემგზავრვთ ხორებიდან და გავიარეთ მთელი ის დიდი და საშიში უდაბნო, რომელიც თქვენ ნახეთ ამორეველთა მთისკენ მიმავალ გზაზე, როგორც გვიბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და კადეშ-ბარნეას მივადექით.
20გითხარით: მოხვედით ამორეველთა მთასთან, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.
21იცოდე, უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს ამ ქვეყანას. წადი და დაიმკვიდრე, როგორც უთქვამს შენთვის უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს. ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები.
22მოხვედით ჩემთან ყველანი და მითხარით: გაგვაგგზავნინე კაცები ჩვენს წინ, რომ დაგვიზვერონ ქვეყანა და მოგვიტანონ გზის ამბავი, რითაც უნდა ვიაროთ, და ქალაქებისა, რომლებშიც შესვლა მოგვიწევს.
23მომეწონა ეს სიტყვა და გამოვარჩიე თქვენგან თორმეტი კაცი, თითო კაცი ყოველი შტოდან.
24გაემართნენ, გადაიარეს მთა და მიადგენ ეშქოლის ხევს და დაზვერეს ქვეყანა.
25ხელში დაიჭირეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოგვიტანეს; ამბავიც მოგვიტანეს, გვითხრეს: მადლიანია ეს ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.
26თქვენ კი არ ისურვეთ წასვლა და არ დაემორჩილეთ უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას.
27დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: მტრობით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორეველთა ხელში ჩავეგდეთ დასაღუპადო,
28სად წავიდეთ? ჩვენიანებმა გული შეგვიშინეს. გვეუბნებოდნენ: ჩვენზე დიდი და მაღალი ხალხია, ქალაქები დიდი აქვთ ცადაწვდილი ციხე-კოშკებით და ყანაკის ნაშიერნიც დავინახეთო იქ.
29მე გითხარით: ნუ ძრწიხართ, ნუ გეშინიათ მათი-მეთქი.
30უფალი, თქვენი ღმერთი, წაგიძღვებათ წინ; იგი იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ;
31ან უდაბნოში, სადაც, როგორც შენ ხედავდი, გატარებდა უფალი, შენი ღმერთი, როგორც თავის შვილს ატარებს კაცი, მთელს თქვენს სავალ გზაზე, ვიდრე ამ ადგილამდე მოხვიდოდით.
32მაგრამ არც ამაში ერწმუნებით უფალს, თქვენს ღმერთს,
33რომელიც წინ მიგიძღვით გზაზე, რომ მოგიძებნოთ დასაბანაკებელი ადგილი, ღამით ცეცხლში თქვენი სავალი გზის გასანათებლად, და დღისით ღრუბელში.
34გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და ასე დაიფიცა:
35ვერავინ იხილავს ამ უკეთური მოდგმიდან იმ მადლიან ქვეყანას, რომელიც მათ მამა-პაპას აღვუთქვი,
36გარდა ქალებ იეფუნეს ძისა. ის იხილავს მას. მისთვის და მისი შვილებისთვის მიმიცია ქვეყანა, რომელიც მან მოიარა, რადგან უფლის ერთგული იყო.
37მეც განმირისხდა უფალი თქვენს გამო: ვერც შენ შეხვალო იქ.
38იესო ნავეს ძე, შენს წინაშე რომ დგას, შევა იქ. ის გაამხნევე, რადგან ის დაიმკვიდრებს მას ისრაელისთვის.
39თქვენი ჩვილი ბავშვები, რომლებზეც ამბობთ, დატაცებული იქნებიანო, და თქვენი შვილები, რომელთაც არ უწყიან დღეს ავი და კარგი, შევლენ იქ. მათ ვაძლევ ქვეყანას და ისინი დაიმკვიდრებენ მას.
40თქვენ კი გაბრუნდით და იარეთ უდაბნოში მეწამული ზღვის გზით.
41პასუხად მიუგეთ: შევცოდეთ უფალს. წავალთ და შევებრძოლებით, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს. აისხით თითოეულმა საბრძოლო საჭურველი და გაეჩქარეთ მთაზე ასასვლელად.
42მითხრა უფალმა: უთხარი მათ: ნუ ახვალთ მთაზე და ნუ შეებრძოლებით, რადგან არა ვარ თქვენს შორის და დაგამარცხებთ-თქო მტერი.
43გელაპარაკეთ და არ დამიჯერეთ, ეურჩეთ უფლის ბრძანებას, გათამამდით და ახვედით მთაზე.
44გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ იმ მთაზე მცხოვრები ამორეველები და დაგესიენ, როგორც ფუტკარმა იცის, და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე.
45დაბრუნდით და მორთეთ ტირილი უფლის წინაშე. უფალმა კი არ ისმინა თქვენი ხმა და ყური არ დაგიგდოთ.
46დარჩით კადეშში მრავალი ხანი, რამდენ ხანსაც იყავით.
Next