თავი - 36
Previous1მივიდნენ გალაად მაქირის ძის, მენაშიანის ძეთა საგვარეულოს მამამთავრები იოსებიანთა საგვარეულოებიდან და ილაპარაკეს მოსეს წინაშე და ისრაელიანთა თავკაცების, მამამთავართა წინაშე,
2თქვეს: ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რომ წილისყრით მისცეს ისრაელიანებს ქვეყანა სამკვიდროდ; ნაბრძანები აქვს უფლისგან ჩვენს ბატონს, რომ მის ქალიშვილებს მისცეს ჩვენი ძმის ცელაფხადის წილი.
3თუ ვისმე მითხოვდნენ ცოლად ისრაელიანთა რომელიმე შტოში, წაერთმევა მათი სამკვიდრო ჩვენი მამაპაპის სამკვიდროს და შეეძინება იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილები. დაიკარგება ჩვენი წილხვედრილი სამკვიდრო.
4როცა დაუდგებათ ზეიმის დღე ისრაელიანებს, მაშინაც მიემატება მათი სამკვიდრო იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან გათხოვილნი და ჩამოერთმევა ჩვენი მამა-პაპის სამკვიდროს მათი სამკვიდრო.
5ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს უფლის ბრძანებისამებრ: მართალს ამბობს იოსებიანთა შტო.
6აი, რა აქვს ნაბრძანები უფალს ცელაფხადის ასულთა საქმეზე: ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული შტოს საგვარეულოებში გათხოვდნენ.
7არ უნდა გადადიოდეს ისრაელიანთა სამკვიდრო შტოდან შტოში, რადგან მამაპაპისეულ შტოს სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული თითოეული ისრაელიანი.
8ყოველი ასული, რომელიც იმკვიდრებს წილს ისრაელიანთა რომელიმე შტოში, მამისეული შტოს საგვარეულოდან უნდა მისთხოვდეს ვისმე, რათა თითოეულ ისრაელიანს შეეძლოს მამაპაპისეული წილის დამკვიდრება.
9არ უნდა გადადიოდეს სამკვიდრო ერთი შტოდან სხვა შტოში, რადგან თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული.
10როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ცელაფხადის ასულები.
11მისთხოვდნენ მახლა, თორცა, ხოგლა, მილქა და ნოყა - ცელაფხადის ასულები - თავიანთ ბიძაშვილებს ცოლად.
12იოსებიან-მენაშეანთა საგვარეულოებში იყვნენ გათხოვილნი ისინი და ამიტომაც მათ მამისეულ საგვარეულოს შერჩა მათი სამკვიდრო.
13აი, ბრძანებები და წესები, უფალმა რომ გამოცხადებინა მოსეს ისრაელიანთათვის მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის გასწვრივ.
Next