თავი - 35
Previous1ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად:
2ვუბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებლად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ, მიეცით ლევიანებს.
3ჰქონდეთ ქალაქები საცხოვრებლად და სანახები ჰქონდეთ პირუტყვისათვის, ქონებისთვის და ყოველგვარი სარჩოსათვის.
4ქალაქგარე სანახები, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ქალაქის კედლებს იქით ათას წყრთაზე უნდა გადიოდეს ირგვლივ.
5გადაზომეთ ორი ათასი წყრთა ქალაქგარეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა სამხრეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა დასავლეთის მიმარიულებით და ორი ათასი წყრთა ჩრდილოეთის მიმართულებით; შუაში ქალაქი. ეს ჰქონდეთ მათ ქალაქგარე სანახებად.
6იმ ქალაქებიდან, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ექვსი ქალაქი თავშესაფარი იყოს, სადაც დაანებებთ მკვლელს გაქცევას. ამათ ზევით ორმოცდაორი ქალაქი მიეცით.
7სულ ორმოცდარვა ქალაქი უნდა მისცეთ ლევიანებს თავისი სანახებითურთ.
8ქალაქები, რომლებიც ისრაელიანთა საკუთრებიდან უნდა მისცეთ, მრავალრიცხოვანთ მეტი გამოართვით, მცირერიცხოვანთ - ნაკლები, თითოეულმა თავისი წილხვედრის კვალობაზე უნდა მისცეს თავისი ქალაქებიდან ლევიანებს.
9ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
10ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გაღმა ქანაანის ქვეყანაში,
11დაიგულეთ ზოგიერთი ქალაქი, თავშესაფარ ქალაქებად გქონდეთ ისინი, სადაც შეეძლება თავის შეფარება მკვლელს, რომელსაც უნებურად შემოაკვდება კაცი.
12გქონდეთ ეს ქალაქები თავშესაფარად შურისმაძიებლისაგან, რათა არ მოიკლას მკვლელი, ვიდრე საზოგდოების წინაშე წარდგებოდეს სამსჯავროდ.
13ექვსი უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც თავშესაფრად განაწესებთ.
14სამი ქალაქი იორდანეს გაღმა უნდა მისცეთ და სამი ქალაქი ქაანანის ქვეყანაში უნდა მისცეთ. თავშესაფარი ქალაქები იქნება ისინი.
15ისრაელიანებს, მდგმურს და თქვენს შორის დამკვიდრებულს გქონდეთ ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად, რათა იქ თავი შეაფაროს ყველამ, ვისაც უნებურად შემოაკვდება კაცი.
16თუ ვინმე კაცს რკინას დაჰკრავს და მოკლავს, მკვლელია იგი. მკელელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
17თუ ვინმე სასიკვდილოდ დაარტყამს ქვას ვინმეს და მოკვდება კაცი მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
18ან ხის იარაღს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, დაარტყამს ვინმეს და მოკვდება კაცი, მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
19მესისხლეს თავად შეუძლია მოკლას მკვლელი; შეხვდება და თვითონვე მოკლას.
20თუ ვინმე ქიშპობით კაცს ხელს ჰკრავს ან განზრახვით რაიმეს ესვრის და მოკვდება კაცი,
21ან მტრობით ხელს დაარტყამს და მოკვდება, დამრტყმელი უნდა მოკვდეს, რადგან მკვლელია. მესისხლეს შეუძლია მოკლას მკვლელი, როცა შეხვდება.
22თუკი უნებლიეთ, მტრობის გარეშე, ჰკრავს ხელს ან განუზრახველად ესვრის რაიმე საგანს,
23ან ქვა, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, გადმოუვარდება და ვინმეს დაეცემა თავში და მოკვდება, ის კი არც მტრობდა მას და არც ავს ფიქრობდა მისთვის,
24საზოგადოებამ უნდა განსაჯოს მკვლელისა და მესისხლის საქმე ამ წესების მიხედვით.
25უნდა იხსნას საზოგადოებამ მკვლელი მესისხლისაგან და გააბრუნოს იგი საზოგადოებამ მის თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაქცეული იყო. დარჩეს იქ წმიდა ზეთით ცხებული მღვდელმთავრის სიკვდილამდე.
26თუკი მკვლელი გასცდება თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს, სადაც გაიქცა,
27ნახავს მას მესისხლე თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს გარეთ და მოკლავს მესისხლე მკვლელს, არ მოეკითხება მას სისხლი,
28რადგან თავშესაფარ ქალაქში უნდა დარჩენილიყო მღვდელმთავრის სიკვდილამდე. მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი მკვლელს შეუძლია თავის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება.
29გქონდეთ ეს სამართლის წესად თქვენს თაობებში. ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ.
30ყოველი მკვლელი მოწმეთა ჩვენებით უნდა მოიკლას, ერთი მოწმის მხილებით კაცს სიკვდილით ვერ დასჯიან.
31ნუ აიღებთ გამოსასყიდს მკვლელის გამოსახსნელად, რომელიც სასიკვდილოა, რადგან სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
32ნუ აიღებთ გამოსასყიდს თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისთვის, რომ მღვდლის სიკვდილამდე დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.
33ნუ წაბილწავთ მიწას, სადაც იმყოფებით, რადგან სისხლია, რომ ბილწავს მიწას. ვერ განიწმიდება მიწა მასზე დაღვრილი სისხლისაგან, თუ არა თავად მისი დამღვრელის სისხლით.
34ნუ გააუწმიდურებთ მიწას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, სადაც მე ვარ დავანებული თქვენს შორის, რადგან მე, უფალი, დავანებული ვარ ისრაელიანთა შორის.
Next