თავი - 34
Previous1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
2დაარიგე ისრაელიანები და უთხარი მათ: როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, აი, საზღვრები ამ ქვეყნისა, ქანაანის ქვეყნისა, რომელიც წილად შეგხვდებათ თქვენ:
3სამხრეთ მხარედ გექნებათ ცინის უდაბნოდან, ედომის მახლობლად; გექნებათ სამხრეთი საზღვარი მარილოვანი ზღვის კიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.
4გაუხვევს თქვენი საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის ზეგანისკენ, გაივლის ცინზე, მიებჯინება სამხრეთით კადეშ-ბარნეას, გავა ხაცერ-ადართან და გაივლის ყაცმონზე.
5გაუხვევს საზღვარი აცმონიდან ეგვიპტის ხევისკენ და მიებჯინება ზღვას.
6დასავლეთის საზღვარი: დიდი ზღვა გექნებათ საზღვრად. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრად.
7ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად: დიდი ზღვიდან გაატარეთ საზღვარი ჰორის მთაზე.
8ჰორის მთიდან გაატარეთ ხამათის მიმართულებით; მიებჯინება საზღვარი ცედადას.
9გავა საზღვარი ციფრონისკენ და მიებჯინება ხაცარ-ყენანს. ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად.
10აღმოსავლეთით გაავლეთ საზღვარი ხაცარ-ყენანიდან შეფამასკენ.
11შეფამიდან ეშვება საზღვარი რიბლასკენ, ყაინის აღმოსავლეთით. ეშვება საზღვარი და ეკვრის ქინერეთის ზღვის ნაპირს აღმოსავლეთით.
12ეშვება საზღვარი იორდანეზე და ებჯინება მარილოვან ზღვას. ეს იყოს თქვენთვის ქვეყნად თავისი გარეშემო საზღვრებითურთ.
13ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს: აჰა, ქვეყანა, რომელიც უნდა დაინაწილოთ წილისყრით, რომელზეც ბრძანა უფალმა, რომ მისცემოდა ცხრა შტოს და ნახევარ შტოს.
14რადგან მიიღეს რეუბენიანთა შტომ მამისსახლების მიხედვით და გადიანელთა შტომ მათი გვარეულობების მიხედვით და მენაშეს ნახევარმა შტომ. მათ მიიღეს თავიანთი წილი.
15ორმა შტომ და ნახევარმა შტომ მიიღეს თავიანთი წილი იორდანეს გაღმა, იერიხონის მახლობლად, აღმოსავლეთით.
16ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
17ეს არის იმ კაცთა სახელები, რომლებიც დაიმკვიდრებენ თქვენთვის ქვეყანას: ელეაზარ მღვდელი და იესო ნავეს ძე.
18ყოველი შტოდან თითო თავკაცი გამოარჩიეთ ქვეყნის დასანაწილებლად.
19აი, მათი სახელები: იუდას ტომიდან: ქალებ იეფუნეს ძე;
20სიმონიანთა შტოდან: სამუელ ამიჰუდის ძე;
21ბენიამინის შტოდან: ელიდად ქისლონის ძე;
22დანიანთა შტოდან: თავკაცი ბუკი იოგლის ძე;
23იოსებიანთა შტოდან: მანასიანთა შტოდან - თავკაცი ხანიელ ეფოდის ძე;
24ეფრემიანთა შტოდან: თავკაცი კემუელ შიტფონის ძე;
25ზებულონიანთა შტოდან: თავკაცი ელიცაფან ფარნაქის ძე;
26ისაქარიანთა შტოდან: თავკაცი ფალტიელ ყაზანის ძე;
27აშერიანთა შტოდან: თავკაცი ახიჰუდ შელომის ძე;
28ნაფთალიანთა შტოდან: თავკაცი ფედაელ ყამიჰუდის ძე.
29ესენი იყვნენ, ვისაც უბრძანა უფალმა ქანაანის ქვეყნის განაწილება ისრაელიანთათვის.
Next