Eleos

Contents

თავი - 25

Previous
1თუ დავა ექნათ ერთმანეთში, სასამართლოს წარუდგნენ და განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ და დამნაშავეს დასჯიან.
2თუ დამნაშავე ცემის ღირსი იქნება, წამოაქცევინოს იგი მსაჯულმა და აცემინოს თავის წინაშე დანაშაულის კვალობაზე, როგორც იმსახურებს.
3ორმოცი დარტყმა აკმარონ, მეტს ნუ დაარტყამენ, თორემ თუ გადაამეტეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.
4ნუ აუკრავ პირს ხარს ლეწვის დროს.
5თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მისი ქვრივი არ უნდა მისთხოვდეს გარეთ უცხო კაცს, არამედ მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეეუღლოს მას.
6პირმშო, რომელსაც დაბადებს ქალი, მკვდარი ძმის სახელზე, აღდგება, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელში.
7თუ კაცი არ ისურვებს თავისი რძლის ცოლად მოყვანას, წარუდგება მისი რძალი კარიბჭესთან უხუცესებს და ეტყვის: არ უნდა ჩემს მაზლს, რომ სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ მეუღლება ჩემი მაზლიო.
8დაიბარებენ კაცს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან. თუ კაცი ადგება და იტყვის: არ მინდა მისი მოყვანაო,
9თავზე დაადგება მას მისი რძალი უხუცესების თვალწინ, ფეხსაცმელს გახდის, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც სახლს არ უშენებს თავის ძმას.
10და დაერქმევა სახელად ისრაელში: ფეხგახდილის სახლი.
11თუ კაცები ერთმანეთში ჩხუბობენ და ერთერთის ცოლი ახლოს მივა თავისი ქმრის დასახსნელად მისი მცემელის ხელიდან, გაიწვდის ხელს და კაცის სარცხვინელს მოეჭიდება,
12ხელის მტევანი მოკვეთე მას, არ შეიწყალოს იგი შენმა თვალმა.
13ნუ გექნება ჩანთაში ორი განსხვავებული საწონი - დიდი და მცირე.
14ნუ გექნება სახლში ორი განსხვავებული საწყაო - დიდი და მცირე.
15საწონი სრული და სწორი უნდა გქონდეს; საწყაო სრული და სწორი უნდა გქონდეს, რომ დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს.
16რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთისთვის ყველა, ვინც ამას აკეთებს, ყველა, ვინც უკანონობას სჩადის.
17გაისსენე, როგორ მოგექცათ გზაზე ყამალეკი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით;
18გზაზე რომ დაგხვდა და გაგინადგურა დაფანტული უკანა რიგები, შენ კი დაღლილ-დაქანცული იყავი, და ღმერთის არ შეშინებია.
19როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, გარეშემო მტრებისაგან იმ ქვეყანაში, რომელსაც წილად გაძლევს, რომ დაიმკვიდრო იგი, მოსპე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან, არ დაგავიწყდეს.
Next