თავი - 24
Previous1თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი ქმარი გახდება, მერე აითვალწუნებს, რადგან რაღაც სასირცხოს აღმოაჩენს მასში, უნდა დაუწეროს გაყრის წერილი, მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან.
2ქალი წავა მისი სახლიდან და გაჰყვება სხვა ქმარს.
3თუ მეორე ქმარი მოიძულებს მას და დაუწერს გაყრის წერილს, მისცემს ხელში და გაუშვებს თავისი სახლიდან ან მოკვდება მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად მოიყვანა იგი,
4პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, ნება არა აქვს ისევ მოიყვანოს ცოლად მას შემდეგ, რაც ქალი გაუწმიდურდა, რადგან ეს სისაძაგლეა უფლის წინაშე. ცოდვაში ნუ ჩააგდებ მიწას, რომელსაც წილად გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
5თუ ვინმეს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს, ნუ გავა სალაშქროდ და ნურც ნურაფერი დაეკისრება მას; ერთი წლით თავისუფალი იყოს სახლისთვის და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც მოიყვანა.
6არავინ დაიგირაოს ხელსაფქვავი ან დოლაბი, რადგან სიცოცხლის დამგირავებელი იქნება იგი.
7თუ ნაპოვნი იქნება კაცი, რომელმაც მოიტაცა თავისი მოძმე ისრაელიანი, დაიმორჩილა და გაყიდა იგი, ეს მომტაცებელი უნდა მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
8არ გამოგრჩეთ კეთრის ნიშანი, დაიცავით და გააკეთეთ ყველაფერი, რაც ლევიან მღვდლებს უბრძანებია თქვენთვის. როგორც მე ვუბრძანე მათ, ეცადეთ, ისე გააკეთოთ.
9გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, მირიამს გზაში, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით.
10თუ შენს მოყვასს რამეს ასესხებ, ნუ შეხვალ მის სახლში წინდის ასაღებად.
11გარეთ დადექი და კაცი, რომელსაც სესხს აძლევ, გარეთ გამოგიტანს წინდს.
12თუ ღარიბი კაცია, ღამე არ დაიტოვო მისი წინდი.
13დაუბრუნე წინდი მზის ჩასვლისას, რომ დაიძინოს თავის სამოსელში და დაგლოცოს. კეთილ საქმედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
14ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შენს კარზე მცხოვრები მდგმური.
15თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს.
16არ უნდა მოიკლან მამები შვილების გამო და შვილები არ უნდა მოიკლან მამების გამო; თითოეული თავისი დანაშაულისთვის უნდა მოიკლას.
17ნუ გაამრუდებ მდგმურისა და ობლის სამართალს, ნუ დაიგირავებ ქვრივი ქალის სამოსელს.
18გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტეში და უფალმა, შენმა ღმერთმა, გამოგისყიდა იქიდან; ამიტომაც გიბრძანებ ამის აღსრულებას.
19თუ მომკი სამკალს და ძნა დაგავიწყდება ყანაში, ნუღა გაბრუნდები მის წამოსაღებად - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეთ, რომ აკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველაფერი, რასაც შენი ხელით გააკეთებ.
20როცა ზეთისხილს ჩამობერტყავ, რტოებს ნუღა დაუწყებ თვალიერებას - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს.
21როცა ვენახს დაკრიფავ, მომცვრევას ნუღა დაიწყებ - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს.
22გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში. ამიტომაც გიბრძანებ მე ამის აღსრულებას.
Next