თავი - 23
Previous1ვერ შევა კვერცხებჩაჭყლეტილი და ასომოკვეთილი უფლის საკრებულოში.
2ვერ შევა ბუში უფლის საკრებულში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის საკრებულოში.
3ვერ შევლენ ყამონელები და მოაბელები უფლის საკრებულოში, მათი მეათე თაობაც კი ვერასოდეს შევა უფლის საკრებულოში.
4ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად.
5არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ესმინა ბალაამისთვის და კურთხევად შეგიცვალა წყევლა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან უყვარხარ უფალს, შენს ღმერთს.
6ნუ შეკრავ მათთან ზავს და ნუ ეძებ მათთვის სიკეთეს მთელი შენი სიცოცხლე, უკუნისამდე.
7ნუ შეგძაგდება ედომელი, რადგან შენი მოძმეა, ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან მდგმურად იყავი მის ქვეყანაში.
8შვილები, რომლებიც მათ შეეძინებათ, მესამე თაობაში შევლენ უფლის საკრებულოში.
9როცა მტრების წინააღმდეგ ბანაკად გახვალ, ერიდე ყოველივე ცუდს.
10თუ ვინმე იქნა შენში ღამის შემთხვევის შემდეგ განუწმედელი, გავიდეს ბანაკის გარეთ, არ შევიდეს ბანაკის შიგნით.
11საღამოს პირზე წყლით განიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში.
12ადგილი გექნება ბანაკგარეთ, რომ შეგეძლოს იქ გარეთ გასვლა.
13ბარი უნდა გქონდეს სარტყელში და გარეთ დაჯდომისას ამოთხარე მიწა და ჩაფალი შენი განავალი.
14რადგან უფალი, შენი ღმერთი, დადის შუაგულ ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები. წმიდა უნდა იყოს შენი ბანაკი, რომ არ დაინახოს შენში რაიმე სამარცხვინო და ზურგი არ შეგაქციოს.
15არ გადასცე თავის პატრონს ყმა, რომელიც შენთან გამოექცა პატრონს.
16იცხოვროს შენთან, შენს წრეში, იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს შენს ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მოეწონება. არ დაჩაგრო იგი.
17არ იყოს მეძავი ქალი ისრაელის ქალებს შორის და მეძავი კაცი ისრაელის ვაჟებს შორის.
18არანაირი აღთქმისათვის არ შეიტანო სამეძაო გასამრჯელო და ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის სახლში, რადგან ორივე ეს სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისათვის.
19არ მისცე სარგებელში შენს მოძმეს არც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რამე ნივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს.
20უცხოელს მიეცი სარგებელში, შენს მოძმეს კი ნუ მისცემ სარგებელში, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელი შენი ნაამაგარი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
21თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, ნუ დააგვიანებ მის შესრულებას, რადგან მოიკითხავს მას შენგან უფალი, შენი ღმერთი, და ცოდვა დაგედება.
22თუ აღთქმისაგან თავს შეიკავებ, არც ცოდვა დაგედება.
23შეინახე შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და შეუსრულე, რაც აღთქმული გაქვს უფლის, შენი ღმერთისადმი, რაც წარმოთქვა შენმა ბაგემ.
24როცა შეხვალ შენი მოყვასის ვენახში და შენი სურვილისამებრ, გაძღომამდე შეჭამ ყურძენს, ჭურჭელში აღარ ჩაიწყო.
25როცა წახვალ შენი მოყვასის სამკალში, ხელით დაგლიჯე თავთავები; ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში.
Next