თავი - 22
Previous1ნუ აარიდებ თავს, როცა შენი მოძმის დაკარგულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, არამედ დაუბრუნე იგი შენს მოძმეს.
2თუ შორს არის შენგან შენი მოძმე ან არ იცნობ მას, შეიფარე ისინი შენს სახლში და შენთან იყვნენ, ვიდრე შენი მოძმე არ მოიკითხავს მათ. მაშინ დაუბრუნე.
3ასე მოიქეცი მისი სახედრის მიმართ, მისი ტანსაცმლის მიმართ, ყველაფრის მიმართ, რაც დაკარგა შენმა მოძმემ და შენ იპოვნე; არა გაქვს უფლება თავი აარიდო მათ.
4ნუ აარიდებ თავს, როცა შენი მოძმის სახედარს ან ხარს გზაზე დავარდნილს დაინახავ; უნდა შეეშველო მას წამოყენებაში.
5ნუ ჩაიცვამს მამაკაცის ტანსაცმელს ქალი და ნუ შეიმოსება ქალის სამოსლით მამაკაცი, რადგან საძაგელია უფლისათვის, შენი ღმერთისათვის ყველა, ვინც ამას სჩადის.
6თუ გზად გადაეყრები ჩიტის ბუდეს, ბარტყებიანს ან კვერცხებიანს, და დედა აზის ბარტყებს თუ კვერცხებს, არ აიყვანო დედა თავის ბარტყებიანა.
7დედა გაუშვი, ბარტყები კი წაიყვანე, რომ კარგად იყო და დღეგრძელი იყო.
8თუ ახალ სახლს ააშენებ, ბანს მოაჯირი შემოავლე, რომ სისხლი არ დაედოს შენს სახლს, როცა ვინმე გადმოვარდება იქიდან.
9ნუ დათესავ ვენახში ორნაირ ჯიშს, რომ არ გააუწმიდურო ნაყოფი თესლისა, რომელსაც დათესავ და ვენახის მოსავალი.
10ნუ მოხნავ ხარითა და სახედრით ერთად.
11ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელის ქსოვილისგან შეკერილ ტანისამოსს.
12ფოჩები გაუკეთე ოთხივე კუთხეზე შენს საბანს, რომელსაც იხურავ.
13თუ ვინმე ცოლს ითხოვს, შევა მასთან და მერე შეიძულებს მას,
14ცილს დასწამებს და ცუდ ხმებს დაუყრის, იტყვის: მე ვითხოვე ეს ქალი, დავუახლოვდი მას და ქალწული არ აღმოჩნდაო,
15ადგეს ამ ყმაწვილი ქალის დედ-მამა და გამოუტანოს მისი სიქალწულე ქალაქის უხუცესებს კარიბჭესთან.
16უთხრას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებს: ეს ჩემი ასული ამ კაცს მივათხოვე ცოლად, მან კი შეიძულა.
17აჰა, ცილს სწამებს მას, ამბობს: ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ქალიშვილი. აჰა, ჩემი ასულის სიქალწულე. და გაუშლიან სამოსელს ქალაქის უხუცესების წინ.
18ადგნენ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი.
19ასი ვერცხლით დააჯარიმონ და გადაუხადონ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან ცუდი ხმები დაუყარა ისრაელიან ქალწულს. ქალი მის ცოლადვე დარჩება, ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში.
20თუ ეს ნათქვამი მართალი გამოდგა, ყმაწვილი ქალი ქალწული არ აღმოჩნდა,
21გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი მამამისის სახლის კართან და ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა, მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა მამისეულ სახლში. აღმოფხვრი ბოროტებას შენი კრებულიდან.
22თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას: ქალთან მწოლარე კაციცა და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
23თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ქალაქში ვინმე შეხვდა და დაწვა მასთან,
24გაიყვანონ ორივენი ამ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლონ სასიკვდილოდ - ყმაწვილი ქალი იმის გამო, რომ ხმა არ გაიღო ქალაქში, კაცი კი იმის გამო, რომ ძალა იხმარა მოყვასის ცოლზე. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
25თუ მინდორში შეხვდება კაცი დანიშნულ ყმაწვილ ქალს, დაიჭერს მას და დაწვება მასთან, უნდა მოიკლას მხოლოდ კაცი, რომელიც ქალთან დაწვა.
26ყმაწვილ ქალს არაფერი დაუშავო, სასიკვდილო დანაშაული არ აწევს ყმაწვილ ქალს, რადგან ეს იმგვარი საქმეა, გინდა კაცი დასხმოდეს თავის მოყვასს და მოეკლას.
27რადგან მინდორში შეხვდა მას, და თუნდაც ეყვირა ყმაწვილ ქალს, არავინ იქნებოდა მისი მშველელი.
28თუ ვინმე შეხვდება ქალწულს, რომელიც დანიშნული არ არის, დაიჭერს, დაწვება მასთან და წაასწრებენ,
29მისცეს ყმაწვილ ქალთან ნაწოლმა კაცმა მის მამას ორმოცდაათი ვერცხლი, ქალი კი მისი ცოლი გახდეს იმის სანაცვლოდ, რომ ძალა იხმარა მასზე. არ შეეძლება მისი გაშვება თავის სიცოცხლეში.
30არავინ ითხოვოს თავისი მამის ცოლი და არ გადაუწიოს კალთა თავის მამას.
Next