თავი - 21
Previous1თუ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, დასამკვიდრებლად, ნახავ მოკლულს, ველზე დაგდებულს, და არ გეცოდინება ვინ მოკლა იგი,
2გამოვიდნენ შენი უხუცესები და მსაჯულები და გაზომონ მანძილი ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა.
3რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, აიღონ მისმა უხუცესებმა უშობელი, რომელიც არ უმუშავებიათ, რომელსაც არ უტარებია უღელი,
4და ჩაიყვანონ ამ ქალაქის უხუცესებმა მიგდებულ ხევში, რომელიც არ დამუშავებულა და არ დათესილა და კისერი გადაუმტვრიონ ხბოს აქ, ამ ხევში.
5მოდგენ ლევიანი მღვდლები (რადგან ისინი აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას და აკურთხონ უფლის სახელით, მათი პირით წყდება ყოველი დავა და ზარალის საქმე)
6და მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის მთელი უხუცესობა, ხელი დაიბანონ ხევში კისერგადამტვრეულ ხბოზე,
7გამოაცხადონ: ჩვენს ხელს არ დაუღვრია ეს სისხლდა არც ჩვენს თვალებს დაუნახავს.
8მიუტევე შენს ერს, ისრაელს, რომელიც გამოსყიდული გყავს, უფალო, და ნუ დააკისრებ უბრალო სისხლს შენს ერს, ისრაელს. და მიეტევება მას სისხლი.
9უნდა ჩამორეცხო შენს წრეში უბრალო სისხლი, თუ გინდა, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
10როცა შენს მტრებთან საომრად გახვალ და ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი, წამოასხამ ტყვეებს,
11და დაინახავ ტყვეებში ლამაზ ქალს, შეგიყვარდება და მოინდომებ მის ცოლად წაყვანას,
12მიიყვანე შენს სახლში, გადაიპარსოს თმა და დაიჭრას ფრჩხილები,
13გაიხადოს ტყვეობის ტანსაცმელი, იცხოვროს შენს სახლში და ერთ თვეს იტიროს თავისი დედ-მამა; ამის მერე შედი მასთან, შეეუღლე და გახდება შენი ცოლი.
14თუ გული აგეყარა, გაუშვი თავის ნებაზე, ოღონდ ვერცხლზე არ გაყიდო, მონად ნუ გაიხდი იმის გამო, რომ დამორჩილებული გყავს.
15თუ კაცს ორი ცოლი ეყოლება - ერთი საყვარელი და მეორე საძულველი, შესძენენ მას ვაჟებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველისა იქნება,
16შვილებისთვის თავისი საბადებლის განაწილებისას არა აქვს მას უფლება, პირმშოება მიანიჭოს საყვარელი ცოლის ვაჟს საძულველი ცოლის ვაჟის, პირმშოს, საზიანოდ.
17რადგან პირმშოდ საძულველი ცოლის ვაჟი უნდა აღიაროს და მისცეს მას ორმაგი წილი ყველაფრიდან, რაც კი აბადია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.
18თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის სიტყვის გაუგონარი შვილი, რომელსაც ჭკუას ასწავლიან, მაგრამ არ ესმის მათი,
19ხელი მოჰკიდოს დედ-მამამ და გაიყვანონ თავიანთი ადგილის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე,
20უთხრან თავიანთი ქალაქის უხუცესებს: ჯიუტია და ურჩია ეს ჩვენი შვილი, ჩვენი სიტყვის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.
21ჩაქოლოს იგი ამ ქალაქის მთელმა მოსახლეობამ და მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, გაიგებს მთელი ისრაელი და შეეშინდება.
22თუ ვინმე სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ხეზე ჩამოკიდებ მას,
23ღამე ხეზე არ უნდა დარჩეს მისი გვამი, არამედ იმდღესვე დამარხე, რადგან ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული. ნუ გააუწმიდურებ მიწას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს წილად.
Next