თავი - 20
Previous1როცა გახვალ შენს მტრებთან საომრად და დაინახავ ცხენებს, ეტლებსა და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამომყვანი.
2ბრძოლის მოახლოებისას მოდგეს მღვდელი და ელაპარაკოს ხალხს,
3უთხრას: ისმინე, ისრაელო! ახლა ებმები ბრძოლაში შენს მტრებთან. ნუ დაგიძაბუნდებათ გული, ნუ შეშინდებით, ნუ შედრკებით, ნუ დაფრთხებით მათ წინაშე.
4რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მოგყვებათ საბრძოლველად თქვენს მტრებთან, რომ გიხსნას თქვენ.
5რჯულისკაცებმა კი ასე უთხრან ხალხს: ვინც ახალი სახლი ააშენა და არ გაუნათლავს, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ განათლოს იგი.
6ვინც ვაზი დარგო და ვერ მოიწია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ მოიწიოს იგი.
7ვინც ქალი დანიშნა და არ მოუყვანია, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და ქალი სხვამ არ წაიყვანოს.
8კიდევ ელაპარაკონ რჯულისკაცები ხალხს და უთხრან: ვინც მშიშარაა და გულით ძაბუნი, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ მოძმეებსაც არ დაუძაბუნოს გული თავისავით.
9როცა რჯულისკაცები მორჩებიან ხალხთან ლაპარაკს. სარდლები დაუყენე ხალხს მეთაურად.
10ქალაქს რომ მიუახლოვდებით საბრძოლველად, ზავი გამოუცხადე მას.
11თუ ზავზე დაგთანხმდა და შეგიშვა, მთელი ხალხი, ვინც იქ იქნება, შენს ბეგარას დაიდებს და გემსახურება
12თუ არ დაგეზავა და ბრძოლა გაგიმართა, ალყა შემოარტყი.
13ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი, და მახვილით გაწყვეტ მთელს მამროვანს.
14მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება - მთელი ნადავლი დაიტაცე. ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, ჩაგიგდო ხელში.
15ასევე მოექეცი შენგან დიდად დაშორებულ ყველა ქალაქს, რომლებიც არ ეკუთვნის ამ ხალხთა ქალაქებს.
16ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა, მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი.
17პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელები, ამორეველები, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველები, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა.
18რათა არ შეგაჩვიონ ყველა იმ სისაძაგლეს, რასაც ისინი სჩადიან თავიანთი ღმერთებისთვის, და არ სცოდოთ უფალს, თქვენს ღმერთს.
19თუ დიდხანს გექნება შემორტყმული ალყა ქალაქისთვის მის დასამარცხებლად და ასაღებად, ნუ გაანადგურებ მის ხეებს, ცულს ნუ აღმართავ მათზე, რადგან თუკი ჭამ მათ ნაყოფს, არც უნდა მოჭრა. რადგან მინდორში მდგარი ხე კაცი ხომ არ არის, რომ გაგეცალოს და ციხე-სიმაგრეში შეაფაროს თავი?
20მხოლოდ ის ხეები, რომლებიც იცი, რომ საჭმელად არაფერს ისხამენ, შეგიძლია გაანადგურო, მოჭრა და სიმაგრე ააშენო ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გებრძვის, ვიდრე არ აიღებდე.
Next