Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1როცა გაწყვეტს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა ქვეყანას შენ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, განდევნი მათ და დასახლდები მათ ქალაქებსა და სახლებში,
2გამოაცალკევე სამი ქალაქი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, დასამკვიდრებლად.
3მოიწყვე გზა და სამად დაჰყავი შენი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელიც წილად გარგუნა უფალმა, შენმა ღმერთმა. იქ შეაფაროს თავი ყოველმა მკვლელმა.
4აი, წესი მკვლელისთვის, რომელმაც თავი უნდა შეაფაროს იქ, რომ გადარჩეს: ვისაც უნებურად შემოაკვდება თავისი მოყვასი, ისე რომ არ ჰქონია მისი მტრობა არც გუშინ, არც გუშინწინ,
5ან ვინც თავის მოყვასთან ერთად წავა ტყეში შეშის მოსაჭრელად, მოიქნევს ცულს ხის წასაქცევად, ტარს რკინა წასძვრება, მოხვდება მის მოყვასს და მოკლავს, ამ კაცმა ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს უნდა შეაფაროს თავი, რომ გადარჩეს.
6რომ არ გამოეკიდოს მესისხლე მკვლელს ცხელ გულზე, არ მიეწიოს, რადგან გზა დიდია, და არ მოკლას; ის სასიკვდილო არ არის, რადგან არ ჰქონია მასთან მტრობა არც გუშინ და არც გუშინწინ.
7ამიტომაც გიბრძანებ: გამოიცალკევე სამი ქალაქი.
8როცა გაგიფართოებს საზღვრებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც შეჰფიცა შენს მამა-პაპას, და მოგცემს მთელს ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამა-პაპას,
9თუ დაიცავ მთელს ამ ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, რომ შეასრულო ის, შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, და იარო მის გზაზე მთელი სიცოცხლე, მაშინ მიუმატე ამ სამს კიდევ სამი ქალაქი
10და არ დაიღვრება უბრალო სისხლი შენს მიწაზე, რომელიც წილად მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, და არ იქნება სისხლი შენზე.
11მაგრამ თუ ვინმე მტრობს თავის მოყვასს, ჩაუსაფრდება, დაეცემა, სასიკვდილოდ დაჰკრავს მას, მოკლავს და მერე თავს შეაფარებს ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს,
12მისი ქალაქის უხუცესობამ უნდა გამოაყვანინოს იქიდან და გადასცეს მესისხლეს, რომ მოკლან.
13წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას, ჩამორეცხე უბრალო სისხლი ისრაელს და კარგი იქნება შენთვის.
14ნუ გადასწევ წინაპართა მიერ გავლებულ შენი მოყვასის სამანს შენს წილხვედრილში, რომელიც წილად გერგება იმ ქვეყნად, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად.
15ვერ გამოვა ერთი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში, შეცოდებაში თუ ცოდვაში, რითაც შეიძლება სცოდოს კაცმა. მხოლოდ ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვით შედგება საქმე.
16თუ გამოვა ავისმდომელი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ და ბრალს დასწამებს მას,
17წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმჟამად იქნებიან,
18კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა, და თუ ის მოწმე ცრუმოწმე გამოდგა, ტყუილუბრალოდ დაუბრალებია თავისი მოძმისთვის,
19ისე მოექეცით მას, როგორც თავად სურდა მოქცეოდა თავის მოძმეს და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
20დანარჩენებმა გაიგონ და შიში ჰქონდეთ, რომ აღარ ჩაიდინონ ამგვარი ბოროტი საქმე შენს წიაღში.
21ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი. სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
Next