თავი - 18
Previous1არ ექნებათ ლევიან მღვდლებს, ლევიანთა მთელს შტოს, წილი და სამკვიდრო ისრაელთან; საუფლო მსხვერპლი და მისი სამკვიდრო უნდა ჭამონ.
2სამკვიდრო არ ექნება თავის მოძმეთა წიაღში; თავად უფალია მისი სამკვიდრო, როგორც ნათქვამი აქვს მისთვის.
3ეს იყოს დაწესებული მღვდლებისათვის ხალხისაგან, იმათგან, ვინც კლავს საკლავს - ხარს ან ცხვარს: მისცენ მღვდელს ბეჭი, ყბა და კუჭი,
4პირველმოწეული ხორბალი, ღვინო და ზეთი. ცხვრის პირველგანაპარსი მას მიეცი.
5რადგან ის აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შტოდან, რათა იდგნენ და მსახურებდნენ უფლის სახელით ის და მისი შვილები სამუდამოდ.
6თუ წამოვა ვინმე ლევიანი შენი ერთ-ერთი ქალაქიდან, ისრაელის რომელიმე კუთხიდან, სადაც მდგმურობს იგი, და მოვა თავისი სურვილით იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი,
7შეუდგება უფლის, თავისი ღმერთის სახელით სამსახურს თავისი მოძმე ლევიანების მსგავსად, რომლებიც დგანან იქ უფლის წინაშე,
8ისარგებლონ თანაბარი წილით, მამისსახლის წილს ნუ ჩაუთვლიან.
9როცა შეხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს შენ უფალი, შენი ღმერთი, ნუ დაეჩვევი სისაძაგლეთა ჩადენას იმ ხალხის მსგავსად:
10ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი,
11გრძნებით შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი,
12რადგან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის გამკეთებელი და ამ სისაძაგლის გამო დევნის მათ შენგან უფალი, შენი ღმერთი.
13სრული იყავი უფალთან, შენს ღმერთთან,
14რადგან ეს ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებს და ჯადოქრებს უსმენენ, შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს.
15წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი. მას უსმინე.
16როცა შესთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ხორებში, თავშეყრის დღეს: მეტს ნუღარ გავიგონებ უფლის, ჩემი ღმერთის ხმას და ამ დიდ ცეცხლსაც ნუღარ ვიხილავ, რათა არ მოვკვდეო,
17მითხრა უფალმა: კარგი ქნეს, რომ ეს თქვეს.
18შენ რომ ხარ, ისეთ წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ.
19თუ ვინმე არ შეისმენს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ის გამოაცხადებს ჩემი სახელით, თავად მე მოვთხოვ მას პასუხს.
20მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გაკადნიერდება და ჩემი სახელით დაიწყებს იმის გამოცხადებას, რაც მე არ მიბრძანებია გამოსაცხადებლად, ან რომელიც უცხო ღმერთების სახელით ალაპარაკდება, ეს წინასწარმეტყველი უნდა მოკვდეს.
21თუ გულში იტყვი: როგორ მივხვდეთ სიტყვას, რომელიც არ უთქვამს უფალს?
22წინასწარმეტყველი თუ უფლის სახელით ილაპარაკებს და არ აცხადდება მისი ნალაპარაკევი, არ ყოფილა ეს უფლის სიტყვა - თვითნებურად ულაპარაკნია წინასწარმეტყველს, ნუ გეშინია მისი.
Next