თავი - 17
Previous1ნუ დაუკლავ უფალს, შენს ღმერთს, ხარს, ცხვარსა თუ თხას, რომელსაც ნაკლი აქვს, რაიმე ცუდი სჭირს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.
2თუ აღმოჩნდა შენს წიაღში, შენს ერთ-ერთ ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, კაცი ან ქალი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს უფლის თვალში, დაარღვევს თავის აღთქმას,
3წავა და შეუდგება უცხო ღმერთების სამსახურს და თაყვანსცემს მათ: მზეს ან მთვარეს ან ცის მხედრობას, რაც ავკრძალე,
4მოგივა ამბავი, მოისმენ, კარგად გამოიკვლევ და, აჰა, თუ სრული სიმართლე გამოდგება ყველაფერი - მომხდარა ეს სისაძაგლე ისრაელში,
5გაიყვანე ეს კაცი ან ქალი, რომელმაც ჩაიდინა ბოროტი საქმე, შენს კარიბჭესთან, კაცი ან ქალი, და სასიკვდილოდ ჩაქოლე ისინი.
6ორი მოწმის ან სამი მოწმის ჩვენებით მოსაკლავი უნდა მოკვდეს; ერთი მოწმის ჩვენებით არ უნდა მოკვდეს.
7ჯერ მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე, რომ მოკვდეს, მერე კი - მთელი ხალხის ხელი, და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წრიდან.
8თუ გაგიძნელდა მკვლელობის, ცილობის, ცემის და სხვა სადაო საქმეების გადაწყვეტა შენს კარიბჭეებში, ადექი და წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი.
9მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, ვინც იმჟამად იქნება, დაეკითხე და გამოგიცხადებენ ისინი სასამართლო განაჩენს.
10ისე მოიქეცი, როგორც ისინი გამოგიცხადებენ იმ ადგილიდან, რომელსაც აირჩევს უფალი. ეცადე ყველაფერი შეასრულო, რასაც გასწავლიან.
11იმ რჯულის თანახმად, რასაც გირჩევენ და იმ სამართალის თანახმად, რასაც გეტყვიან, მოიქეცი; არც მარჯვნივ და არც მარცხნივ არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გამოგიცხადებენ.
12თუ კაცი ისე გაკადნიერდება, რომ არ გაუგონებს უფლის, შენი ღმერთის წინაშე სამსახურად მდგარ მღვდელს ან მსაჯულს, უნდა მოკვდეს; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
13გაიგონებს მთელი ხალხი, შეეშინდება და აღარ გაკადნიერდებიან.
14როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი, დაეპატრონები მას და იცხოვრებ იქ და იტყვი: დავისვამ მეფეს იმ ხალხებივით, ჩემს გარშემო რომ არიანო,
15დაისვი მეფედ ის კაცი, ვისაც უფალი, შენი ღმერთი, ამოირჩევს; შენი მოძმეების წრიდან დაისვი მეფე. უფლება არა გაქვს დაისვა უცხო კაცი, რომელიც არ არის შენი მოძმე.
16ოღონდ არ იყოლიოს ბევრი ცხენი და არ დააბრუნოს ხალხი ეგვიპტისკენ ცხენების მოსამრავლებლად, უფალმა გიბრძანათ, რომ აღარ დაბრუნდეთ ამ გზით -
17არ იყოლიოს ბევრი ცოლი, რომ არ შეცდეს მისი გული, არ იქონიოს უზომოდ ბევრი ოქრო-ვერცხლი.
18როცა დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული ლევიანი მღვდლებისაგან.
19თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს,
20რომ არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს, არ გადაუხვიოს ანდერძს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა მრავალი ხანი იმეფოს მან და მისმა შვილებმა ისრაელის წიაღიდან.
Next