Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1დაიცავი აბიბის თვე და მოუმზადე პასექი უფალს, შენს ღმერთს, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან, ღამით.
2დაუკალი საპასექოდ უფალს, შენს ღმერთს, ცხვარი და ძროხა იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი თავისი სახელის დასავანებლად.
3ნუ მიატან მას საფუარიანს, ხუთ დღეს ჭამე მასთან ერთად ხმიადი, გაჭირვების პური, რადგან ნაჩქარევად გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეს ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამოსვლის დღე.
4არ გაჭაჭანდეს შვიდი დღის მანძილზე საფუარიანი მთელს შენს კარმიდამოში და დილამდე არ მორჩეს წინა საღამოს დაკლული საკლავის ხორცი.
5ნება არა გაქვს ყველგან დაკლა პასექი შენს საცხოვრებელში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს;
6არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, დაკალი პასექი საღამოთი, მზის ჩასვლისას, ეგვიპტიდან შენი გამოსვლის სწორს.
7მოხარშე და ჭამე იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, დილით კი გაბრუნდი და წადი შენს კარვებში.
8ექვს დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს კი უქმეა უფლის, შენი ღმერთისათვის, არაფერი საქმე არ აკეთო.
9შვიდი შვიდეული გადაითვალე; ყანაში ნამგლის შესვლის დღიდან დაიწყე შვიდეულების თვლა.
10გაუმართე შვიდეულთა დღესასწაული უფალს, შენს ღმერთს, როგორც შეგიძლია, როგორც უკურთხებიხარ უფალს, შენს ღმერთს.
11გაიხარეთ უფლის, შენი ღმერთის წინაშე შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს კარზე ცხოვრობს, მდგმურმა და ქვრივ-ობოლმა, რომლებიც შენს შორის არიან, იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად.
12გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტეში და დაიცავი და შეასრულე ეს წესები.
13შვიდ დღეს იზეიმე კარვობის დღესასწაული, როცა მორჩები კალოობას და ყურძნის წურვას.
14გაიხარეთ დღესასწაულში შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა და ქვრივ-ობოლმა, რომლებიც ცხოვრობენ შენს კარზე.
15შვიდ დღეს იდღესასწაულე უფლის, შენი ღმერთისთვის იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, რადგან გიკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, მოსავალს და ყოველ საქმეს და სულ მხიარული იქნები.
16წელიწადში სამჯერ უნდა გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, შენი ღვთის წინაშე უფუარობის დღესასწაულზე, შვიდეულის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე, იმ ადგილას, რომელსაც არჩევს იგი. ხელცარიელი არავინ გამოცხადდეს უფლის წინაშე.
17ყველას ძღვენი გეჭიროთ ხელში უფლის, შენი ღმერთის კურთხევის კვალობაზე, როგორც მოუცია შენთვის.
18დასხი მსაჯულები და რჯულისკაცები შენი შტოებიდან ყოველ ქალაქში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი, რათა მისცენ ხალხს მართალი სამართალი.
19სამართალს ნუ გაამრუდებ, მიკერძოებული ნუ იქნები და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და ასხვაფერებს მართალთა სიტყვებს.
20სიმართლეს, სიმართლეს მიჰყევი, რომ ცოცხალი დარჩე და დაეპატრონო იმ ქვეყანას, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
21არ დარგო აშერასთვის, რა ხეც არ უნდა იყოს, უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს გვერდით, რომელსაც აიშენებ.
22არ აღიმართო სვეტი, რომელიც სძულს უფალს, შენს ღმერთს.
Next